„ადგილი, სადაც სასწაულები იქმნება“ - დიპლომატისა და ეკონომისტის სივრცე „ჯადოქრობისთვის“

© photo: courtesy of Tamar Ispirian Mebaghishviliთამარ ისპირიანი-მებაღიშვილი
თამარ ისპირიანი-მებაღიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
გამოწერა
პროფესიით დიპლომატი და ეკონომისტი თამარ ისპირიანი-მებაღიშვილი საოცარ ბროშებს და ლენტებით მოქარგულ ნამუშევრებს ქმნის.
თვლის, რომ პროფესიული ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის, მაგრამ სულიერი განვითარება სულ სხვაა და ამის მოთხოვნილება ყოველთვის ჰქონდა.
- ქალბატონო თამარ, სირთულეების გადალახვაში როგორ გეხმარებათ ხელოვნება?
- ხელოვნება სულ სხვა სამყაროა, რომლის აღქმა ყველას არ შეუძლია, საამისოდ ესთეტი უნდა იყო. რეალობიდან გაქცევას ჩემ მიერ შექმნილ სამყაროში, სადაც მე ვარ „ჯადოქარი", ხელოვნების დახმარებით ვახერხებ. ხელოვნება ადგილია, სადაც ფანტაზია და წარმოსახვა რეალობაში გადმოდის და სადაც სასწაულები იქმნება. საბედნიეროდ, მუზა მწყალობს. იმდენი იდეა მაქვს, რომ შეიძლება ღამით ავდგე და ქაღალდზე ესკიზი შევქმნა.
- პირველად რითი დაიწყეთ „ჯადოქრობა“?
- თავიდან ნახატების ლენტებით მოქარგვა დავიწყე და შემდეგ ბროშების გაკეთებაზე გადავედი. ლენტებით შექმნილი პირველი ნამუშევარი მოქარგული „იასამნები" იყო. ახლა მსოფლიოში ისეთი არეულობაა, რომ მერიდება კიდეც რაიმეზე ვიფიქრო. მთავარია, დედამიწაზე მშვიდობა დამკვიდრდეს, მე კი ადამიანების გასახარად კიდევ ბევრ ლამაზ ნივთს შევქმნი.
- თქვენს საოცარ ბროშებს როგორ ამზადებთ?
- ეს ნამუშევრები საავტორო და ექსკლუზიურია. ერთი უცნაური ჩვევა მაქვს – სულ ვცდილობ, რომ საქმე გავირთულო. რაც უფრო რთულ კონსტრუქციას ვაწყობ, მით უფრო კარგად გამომდის და ადრენალინიც მატულობს. მერე მიკვირს, ასე კარგად როგორ გამოვიდა. ამიტომ ისეთივე მეორე ზუსტი ასლის შექმნა გამორიცხულია. ჩემს გულსაბნევებში ბუნებრივი ქვებია – აქატი, ფირუზი, მარგალიტი, ლაზურიტი, ონიქსი, ნეფრიტი, მარჯანი, ავანტურინი, ჩეხური კრისტალები, ასევე ნატურალური ტყავი.
- თქვენმა გულსაბნევებმა სხვადასხვა გამოფენაზე დიდი მოწონება დაიმსახურა...
- სხვათა შორის, იმ გამოფენების მერე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენმა ქალბატონებმა უფრო აქტიურად დაიწყეს გულსაბნევების შეძენა და გამოყენება. ჩემი შემკვეთები საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებები არიან, ვისაც სილამაზის აღქმის უნარი აქვს. ერთხელ, როცა უკვე ვნახე, რომ ნამუშევარი კარგი გამომდიოდა და ინტერესს იწვევდა, შემომთავაზეს, რომ გამეყიდა და მეც დავთანხმდი. რეალიზაცია არ გამჭირვებია. რაც მთავარია, თავად სულ მეკეთა ბროშები, ასე რომ, ჩემს პროდუქციას რეკლამასაც თავად ვუკეთებდი.
- საკმაოდ შრომატევადი საქმეა და როგორ მუშაობთ?
- ასეთი ბროშების დამზადება ურთულესია, რადგან 3D კონსტრუქციითაა შექმნილი. სურათების დამზადებისას განსაკუთრებით რთულია ფერების ბალანსისა და კომპოზიციის ბუნებრიობის მიღწევა. ლენტებით ქარგვის დროს არანაირ ტექნიკას არ ვიყენებ. მე ხომ თვითნასწავლი ვარ, ამიტომ ისე ვმუშაობ, როგორც თავად მასალა და ფანტაზია მკარნახობს. მე ასე მესმის: თუ კომპოზიცია ქსოვილზე ლამაზად „დაჯდა", ე.ი. სწორი ტექნიკაა. ასეთი ხელნაკეთის დამზადება ურთულესი და შრომატევადია, მაგალითად, დრაკონის ბროშს ოთხი თვე ვაწყობდი, იასამნების მოქარგვას კი ექვსი თვე მოვანდომე.
- მიუხედავად იმისა, რომ რთული საქმეა, სასიამოვნო მომენტებიც თუ ახლავს ამ პროცესს?
- შრომის გარდა ასეთ ნივთებზე მუშაობა ჩემთვის თავისებური რელაქსაციაა. ყველა ნივთის შექმნის მომენტში განსხვავებულ მუსიკას ვუსმენ, ანუ შეიძლება ითქვას, რომ მათ მუსიკალური ფონიც „ახლავს“, რაც ამ ნივთს დადებით აურას სძენს. მიხარია, რომ ჩემი ნაკეთობები ადამიანებში სასიამოვნო ასოციაციას იწვევს...
ნინი მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0