პარიზში ქართული დიასპორისთვის ინოვაციური პროექტებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება

© AP Photo / Francois Moriპარიზი
პარიზი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
გამოწერა
ღონისძიება მიზნად ისახავს ქართულ ბიზნესსა და ევროპაში მცხოვრებ ქართველებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებას და ქართული ბიზნესის ევროპელ ინვესტორებთან დაკავშირებას.
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. პარიზში 10-11 ივნისს ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის ინოვაციური პროექტებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი.
ღონისძიებას ევროპაში მცხოვრები წარმატებული ქართველები დაესწრებიან. კონფერენცია გაიმართება GLOBALIZE.EU-ს მხარდაჭერით. ეს არის ბიზნეს–საკონსულტაციო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს ქართულ ბიზნესსა და ევროპაში მცხოვრებ ქართველებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებას და ქართული ბიზნესის ევროპელ ინვესტორებთან დაკავშირებას ევროპის ბაზრის ათვისების მიზნით. კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი იდეები აუდიტორიასა და ინვესტორებს გაუზიარონ.
დღეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარესთან ავთანდილ კასრაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი კონფერენციის შესახებ ისაუბრეს.

„ჩვენ გვინდა, რომ დიასპორა იყოს ძლიერი, რადგან ძლიერი დიასპორა ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. ამ მიმართულებით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი წარმატებული თანამოქალაქეების გამოვლენა და მათი ჩართვა როგორც საქართველოს ეკონომიკაში, ისე ზოგადად გლობალურ პროცესებში“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ამასთან, როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, სტარტაპების მხარდაჭერა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
„ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართვა და სტარტაპების მხარდაჭერა. ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი მათ ამ მიმართულებით, რადგან მხოლოდ ამ გზით შეიძლება ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს, გარღვევა მოხდეს ეკონომიკაში“, – განაცხადა სონღულაშვილმა.
დიასპორის წარმომადგენლები პარლამენტში - პრეზიდენტის ინიციატივა>>
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ყურადღება გაამახვილა კერძო სექტორთან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე სტარტაპების განვითარების კუთხით. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა უკვე მრავალი წელია ახორციელებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს სტარტაპების განვითარებაში.
„ქართულ დიასპორას წამყვანი როლი აქვს, რომ მხარი დაუჭიროს ქართულ ინოვაციურ პროექტებს, რათა მაქსიმალურად მოხვდეს მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე ის ქართული პროდუქტები, რომლებიც საქართველოში იქმნება. ამიტომ მნიშვნელოვანია, დიასპორა მუდმივად იყოს ჩართული ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, ხმა მიაწვდინონ ტექნოლოგიურ ბაზრებს ამ სტარტაპული იდეების განვითარებაზე“, – განაცხადა კასრაძემ.
მისი თქმით, ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მასში ჩართულია საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, კერძო სექტორი და ერთად შესაძლებელია კიდევ უფრო დიდი შედეგების მიღწევა, რათა ქვეყანაში უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა მივიღოთ.
სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი ნოდარ ტურძელაძე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარიამ ლაშხი და კომპანია INVENT Venture Studio-ს თანადამფუძნებლები პავლე და დალი მგელაძეები.
ყველა ახალი ამბავი
0