ილია ელოშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

© Sputnik / Alexander Imedashviliილია ელოშვილი
ილია ელოშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
გამოწერა
ილია ელოშვილი მორწმუნე ადამიანი იყო და თვითმკვლელობას არ ჩაიდენდა, აცხადებენ მისი მეგობრები.
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები მისი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. ოჯახის განცხადება ქართულ მასმედიაში გავრცელდა.
47 წლის ილია ელოშვილის ცხედარი 1 ივნისს მის საცხოვრებელ ბინაში მისმა მეუღლემ აღმოაჩინა. იმავე დღეს ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსმა ავთანდილ გალდავამ ძალადობის კვალი გამორიცხა და თვითმკვლელობაზე მიანიშნა. არსებული ინფორმაციით, ელოშვილს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ერთადერთი ჭრილობა ჰქონდა გულის არეში.
ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ილია ელოშვილი არ იყო დეპრესიაში და ამის წინაპირობაც არ არსებობდა.

„ჩვენს ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. ორმაგად დიდი ტკივილია ჩვენთვის სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვერსია თვითმკვლელობის შესახებ, რასაც ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს, რადგან არანაირი წინაპირობა ან რაიმე ნიშანი იმისა, რომ ილია ყოფილიყო ღრმა დეპრესიულ მდგომარეობაში, არ არსებობდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოჯახის წევრების თქმით, მას წინა დღეს კოლეგებთან ჰქონდა კონტაქტი.
„გასულ სამშაბათს, 31 მაისს, მკურნალობის და რეაბილიტაციის შემდეგ იგი გავიდა სამსახურში. ამას ადასტურებენ მისი კოლეგებიც და მეგობრებიც, ვისთანაც ილიას შეხება ჰქონდა სამშაბათს, უშუალოდ ტრაგედიის წინა დღეს გვიან საღამომდე და ვისთანაც ჰქონდა დაგეგმილი შეხვედრები უშუალოდ გუშინ, ოთხშაბათს, 1 ივნისს, გარდაცვალების დღეს და მთელი მიმდინარე კვირის განმავლობაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოჯახისთვის სუიციდის ვერსია მიუღებელია და ოჯახი ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ გამოძიების დასრულებამდე.
„დაუშვებელი იყო ტრაგედიიდან ორიოდე საათში პოლიციის მაღალჩინოსნის მხრიდან გაკეთებული განცხადება სუიციდის შესახებ, რამაც უშუალოდ ბიძგი მისცა ამ ვერსიის და ამგვარი ჭორის გავრცელებას. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ოჯახის და განსაკუთრებით ილიას არასრულწლოვანი შვილების მდგომარეობის გათვალისწინებით, მივმართავთ ყველას თხოვნით, შეწყდეს სუიციდზე და ნებისმიერ სხვა ვერსიაზე საჯარო საუბრები სოციალურ ქსელებში თუ ტელეეთერებში, ვიდრე არ დასრულდება მიმდინარე გამოძიება და არ დაიდება ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოჯახმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ილიას გარდაცვალება გულთან მიიტანა და მათი მწუხარება გაიზიარა.
ილია ელოშვილის მეგობრებიც გამორიცხავენ სუიციდის ვერსიას და უბედურ შემთხვევაზე საუბრობენ.
„როგორც ვიცი, უძილობა აწუხებდა და, როგორც ჩანს, იარაღი გასაწმენდად აიღო. ეს არის უბედური შემთხვევა, ძალიან კარგად ვიცნობდი მას, მორწმუნე ვაჟკაცი იყო. სუიციდი ძალიან შორს იყო მისგან", – განაცხადა მისმა ბავშვობის მეგობარმა ლაშა ქევანიშვილმა.
მისი თქმით, ელოშვილმა იარაღი რამდენიმე წლის წინ შეიძინა და მას ლეგალურად ფლობდა. იმ ღამეს მას კონტაქტი ჰქონდა როგორც ოჯახის წევრებთან, ისე მეგობრებთან და ის „იყო სრულიად ადეკვატური და ხალისიანი“.
ოჯახის კიდევ ერთი ახლო მეგობარი გიორგი წიკლაური იხსენებს, რომ ილიამ დილით სამსახურში რამდენიმე შეხვედრა გამართა და მომდევნო დღეც მთლიანად გაწერილი ჰქონდა.

„დილის ხუთ საათამდე მეუღლესთან ერთად ოჯახის მოგზაურობის და დასვენების გეგმას განიხილავდა. იარაღის მოვლა, მისი გაწმენდა ილიას გასართობი საქმიანობა იყო, რაც, სავარაუდოდ, გახდა კიდეც უბედური შემთხვევის მიზეზი", – განაცხადა წიკლაურმა.

დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი: კახა კალაძე ილია ელოშვილის გარდაცვალების შესახებ >>
ელოშვილის კიდევ ერთმა მეგობარმა მალხაზ დათუკიშვილმა განაცხადა, რომ ის მეგობრებთან ერთად ეკლესიის აშენებას აპირებდა, რომლის პროექტიც უკვე მზად იყო.
„ამ დღეებში ყაზბეგში ასვლას ვაპირებდით, რადგან ხევში ვაშენებდით ეკლესიას. პროექტი მზად იყო და ვიწყებდით მშენებლობას. ამ ეკლესიას ილიას სახელზე მაინც ავაშენებთ", – თქვა მალხაზ დათუკიშვილმა.
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს >>
შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს გამოძიებას „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით. ეს სტანდარტული პროცედურაა, საქმე ამ მუხლით აღიძრება იმ შემთხვევაში, თუ ცხედარს რაიმე ძალადობის ნიშანი არ აქვს.
ილია ელოშვილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა, იქამდე ენერგეტიკის მინისტრი, მანამდე კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.
ყველა ახალი ამბავი
0