ჩხაიძე: 1980 წლამდე დაბადებულებისთვის მაიმუნის ყვავილი საშიში არ არის

© courtesy of Ivane Chkhaidzeივანე ჩხაიძე
ივანე ჩხაიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
გამოწერა
მაიმუნის ყვავილს ახასიათებს გრიპის მაგვარი სიმპტომები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის აფეთქების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის 13 მაისს გაავრცელა.
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დაბადებულია 1980 წლამდე, მაიმუნის ყვავილი საშიშროებას არ წარმოადგენს, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ საინფორმაციო სააგენტო „კვირის“ პრეს-კლუბში.
მისი თქმით, 1980 წლამდე დაბადებულები უკვე ვაქცინირებული არიან ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინით, რომელიც მაიმუნის ყვავილის ვირუსის წინააღმდეგაც ეფექტურია.
როგორც ჩხაიძემ განმარტა, დაუდგენელი წარმოშობის ჰეპატიტები და მაიმუნის ყვავილი აუცილებლად საჭიროებს შესაბამის ლაბორატორიულ დადასტურებას.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მზად არის და, ალბათ, უახლოეს პერიოდში შესაძლებლობა გვექნება, მიზანმიმართულად ვისაუბროთ იმ ტესტზე, რომელიც აღმოაჩენს მაიმუნის ყვავილის ვირუსს. ასევე სრული მზადყოფნაა, რომ ჰეპატიტის საეჭვო შემთხვევები იყოს იდენტიფიცირებული“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

ამ ეტაპზე კი მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ცალკე ვაქცინის შექმნას აზრი არ აქვს.
„ვაქცინის შექმნას მაშინ აქვს აზრი, როდესაც საუბარია არა 600 და 700 შემთხვევაზე, არამედ ათობით ათას შემთხვევაზე“, – განაცხადა ჩხაიძემ.
საქართველოში მაიმუნის ყვავილის შემთხვევა ჯერ დადასტურებული არ არის.
ამის მიუხედავად საქართველო ევროპის წამლის სააგენტოს მიერ ავტორიზებული მაიმუნის ყვავილის სამკურნალო მედიკამენტის მიღების თაობაზე განაცხადს გააკეთებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 31 მაისს განაცხადა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის აფეთქების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის 13 მაისს გაავრცელა. ვირუსი, განსხვავებით COVID-19-სგან, ახალი არ არის – პირველი შემთხვევა 1970 წელს კონგოში დაფიქსირდა.
მაიმუნის ყვავილი და სიკვდილიანობა: აფრიკაში 70-მდე ადამიანი გარდაიცვალა>>
Monkeypox (მაიმუნის ყვავილი) იშვიათი ზოონოზური ვირუსული ინფექციაა, რომლის სიმპტომებიც ძალიან ჰგავს ჩვეულებრივი ყვავილის სიმპტომებს. მაიმუნის ყვავილის ვირუსი ადამიანს ავადმყოფის ინფიცირებით დაზიანებულ კერებთან, ბიოლოგიურ სითხეებთან და ვირუსით დაბინძურებულ ქსოვილებთან (მაგალითად, ლოგინის თეთრეული) მჭიდრო კონტაქტითა და ასევე ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. საინკუბაციო პერიოდი 6-13 დღეს მოიცავს, თუმცა შესაძლოა 5-21 დღემდე გაგრძელდეს. მაიმუნის ყვავილის ეპიდემიის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1%-დან 10%-მდე მერყეობს.
როგორ ხვდება საქართველო მაიმუნის ყვავილის შესაძლო გავრცელებას: გამყრელიძის განმარტება>>
მაიმუნის ყვავილს ახასიათებს გრიპის მაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება.1-3 დღეში სახეზე ჩნდება გამონაყარი, რომელიც მთელ სხეულზე ვრცელდება და თანდათანობით სითხიან ბუშტუკებს აჩენს. ამ ტიპის გამონაყარი გარკვეული პერიოდის შემდეგ ქრება და მის ადგილზე წარმოიქმნება ნაწიბურები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება.
დიაგნოსტიკა ხდება PCR–ტესტირების მეთოდით. გადამტანად გვევლინებიან მღრღნელები და პრიმატები.
ყველა ახალი ამბავი
0