საკონტროლო-გამშვები პუნქტები საქართველო-თურქეთის საზღვარზე

გამოწერა
საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვრის გადასაკვეთად მოქმედებს საავტომობილო და სარკინიგზო საკონტროლო-გამშვები პუნქტები.
საავტომობილო ტრანსპორტით საზღვრის კვეთა შესაძლებელია სამი საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით, თუმცა, ერთ-ერთი მათგანის, „ვალეს“ ფუნქციონირება ამჟამად თურქეთის მხარეს, საბაჟო-გამშვებ პუნქტ „პოსოფ-თორქგოზუზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მიმდინარე წლის 25 აპრილიდან შეჩერებულია. თავდაპირველად მოსალოდნელი იყო, რომ სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდებოდა, მაგრამ ვადებმა გადაიწია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო „ვალეს“ ალტერნატივის სახით მძღოლებს სთავაზობს „კარწახის“ გამშვებ პუნქტს, რომელიც ახლა გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის გამო განსაკუთრებულ რეჟიმში, სრული დატვირთვით ფუნქციონირებს.
საქართველოს ხელისუფლებასა და თურქულ მხარეს შორის მიღწეულია შეთანხმება, რომ „კარწახის“ გამშვები პუნქტის გავლით შეუფერხებლად მოხდეს გაზრდილი ტვირთნაკადის გატარება.
თურქეთი საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს. მეზობელ ქვეყანასთან პირველ ოთხ თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 766,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს საერთო სავაჭრო ბრუნვის 14,6%-ს შეადგენს. გარდა ამისა, მიმდინარე წლის იანვარი–აპრილში საქართველოში ყველაზე მეტი – 139,7 ათასი ვიზიტი თურქეთის მოქალაქეებმა განახორციელეს.
ყველა ახალი ამბავი
0