პირველი ექსპორტი: ქართული ღვინო კატარში იყიდება

© courtesy of Wines of Georgiaქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2022
გამოწერა
27 მაისიდან კატარის სადისტრიბუციო კომპანიის ქსელში 12 სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო შევიდა.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. პირველად საქართველოდან კატარში ქართული ღვინის ექსპორტი განხორციელდა, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
უწყების ცნობით, ქართული ღვინის ექსპორტი კატარში საქართველოს საელჩოს და კატარის სადისტრიბუციო კომპანიას შორის (Qatar Distribution Company, QDC) ხანგრძლივი თანამშრომლობის და მუშაობის შედეგია. სადისტრიბუციო კომპანია QDC კატარში ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის და იმპორტის ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელია.
27 მაისიდან კატარის სადისტრიბუციო კომპანიის ქსელში 12 სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო შევიდა. სულ მალე ქართული ღვინო შევა დოჰაში არსებულ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებშიც და ალკოჰოლისთვის ნებადართულ სივრცეებში.
კატარის სადისტრიბუციო კომპანიაში ქართული ღვინის კუთხე კატარში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა და სადისტრიბუციო კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გარეტ კოგანმა ერთობლივად გახსნეს.
ქართული ღვინის პოპულარიზაციის და ცნობადობის ამაღლების მიზნით კატარში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით დოჰაში, სასტუმრო Ritz Carlton-ში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებას კატარში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, ასევე ჰორეკა სექტორის და ადგილობრივი ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პოლონეთში ქართული ღვინო დააგემოვნეს>>
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიას გაცნობოდნენ, ასევე გაესინჯათ ქართული ღვინო და ქართული ტრადიციული კერძები.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ კატარის ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ექსპორტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კატარი 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია, რომლის დროსაც კატარს მილიონობით სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორი ეწვევა.
ყველა ახალი ამბავი
0