ძმებ კაკულიებს პატიმრობა შეეფარდათ

© photo: Sputnik / Andrei Starostinმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2022
გამოწერა
ბრალდებულების ადვოკატმა დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა – თითოეულის 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. თბილისში დაკავებულ ძმებს დავით და გუგა კაკულიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა დღეს გამოაცხადა.
კაკულიებს ბრალი ედებათ ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, ასევე საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტებზე.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, ბრალდებულების ადვოკატმა გიორგი ანთაძემ კი მათი 10–10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.
პროკურორის განმარტებით, ორივე ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს, რადგან არსებობს კაკულიების მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები. მისი თქმით, ბრალდებულებისთვის შემაკავებელი არ აღმოჩნდა აგრეთვე ის ფაქტი, რომ ხალხმრავალ ადგილზე იმყოფებოდნენ.
რამდენიმე დღის წინ ვაკეში ორმა ნიღბიანმა პირმა, რომლებიც მოპედით გადაადგილდებოდნენ, დაახლოებით ათი ტყვია ესროლეს მანქანიდან გადმოსულ გიორგი კაჭკაჭიშვილსა და სერგი ქურთიაშვილს. ისინი ფეხებში არიან დაჭრილი.
როგორც გამოძიება ამტკიცებს, 27 მაისს არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე ბრალდებულებმა ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად ერთ პირს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.
ამასთან, ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ფეხის არეში დაზიანება მიიღო.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მართლსაწინააღმდეგოდ, ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ მათ მიერ ნაქირავებ ბინაში.
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
ძმებ კაკულიებს ბრალი წარედგინათ
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული 30 მაისს დააკავეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ" და მე-2 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას), 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ჯგუფურად შენახვა და ტარება) და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ძმები კაკულიები, შესაძლოა, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებდნენ. მკვლელობა თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 2021 წლის 15 სექტემბერს მოხდა. მკვლელობაში დამნაშავედ სასამართლომ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ცნო და მათ განაჩენი უკვე გამოუტანა.
ყველა ახალი ამბავი
0