ძმებ კაკულიებს ბრალი წარედგინათ

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
გამოწერა
ძმები დავით და გუგა კაკულიები 30 მაისს, დილით ორთაჭალაში დააკავეს.
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. თბილისში დაკავებულ ძმებს დავით და გუგა კაკულიებს ბრალი წარედგინათ. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
კაკულიებს ბრალი ედებათ ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, ასევე საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტებზე.
რამდენიმე დღის წინ ვაკეში ორმა ნიღბიანმა პირმა, რომლებიც მოპედით გადაადგილდებოდნენ, დაახლოებით ათი ტყვია ესროლეს მანქანიდან გადმოსულ გიორგი კაჭკაჭიშვილსა და სერგი ქურთიაშვილს. ისინი ფეხების არეში არიან დაჭრილები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის ფაქტი გახსნილია“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

როგორც გამოძიებით დადგინდა, 27 მაისს არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე ბრალდებულებმა ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად ერთ პირს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.
ამასთან, ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ფეხის არეში დაზიანება მიიღო.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მართლსაწინააღმდეგოდ, ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ მათ მიერ ნაქირავებ ბინაში.
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული 30 მაისს დააკავეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას), 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ჯგუფურად შენახვა და ტარება) და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13- დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
„გამოძიების ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან მათი შესაძლო შემხებლობა. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამართალდამცველი ორგანოები სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობენ სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან ბრალდებულების მიერ სომხეთში დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
არაოფიციალური ინფორმაციით, ძმები კაკულიები, შესაძლოა, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებდნენ. მკვლელობა თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 2021 წლის 15 სექტემბერს მოხდა. მკვლელობაში დამნაშავედ სასამართლომ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ცნო და მათ განაჩენი გამოუტანა.
შსს-ში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
წყარო - საქართველოს პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0