„სტაგნაციაა" - დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან" პარტიის სტრატეგიით უკმაყოფილოა

© courtesy of Grigol Vashadze„ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო სიმბოლიკა
„ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო სიმბოლიკა - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2022
გამოწერა
პარტიას აკლია აქტიურობა და „ახალი სისხლი", მიიჩნევს დეპუტატი ნონა მამულაშვილი.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მოქმედებებში არ ჰყოფნის თანმიმდევრულობა, ხოლო ბრძოლის სტრატეგია სუსტია, განაცხადა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან" ნონა მამულაშვილმა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ", როგორც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებულმა პარტიამ, მეტად უნდა იაქტიუროს და უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია საერთაშორისო არენაზე მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით. ექს-პრეზიდენტი 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედში" მკურნალობს.

„თანმიმდევრულობის პრობლემა გვაქვს და ძალიან ხშირად ვცვლით სტრატეგიას იმის ნაცვლად, რომ ტაქტიკური სვლები ვცვალოთ. ვფიქრობ, ბრძოლის სტრატეგია არის სუსტი და, შესაბამისად, მოსახლეობაშიც არის გაწბილება", – განაცხადა მამულაშვილმა ტელეარხ „პალიტრანიუსის" ეთერში.

ეს ერთ-ერთი ფაქტორია, მაგრამ არა ერთადერთი, დასძინა პოლიტიკოსმა. ბრძოლაში გამარჯვებისთვის საჭიროა სხვადასხვა ფაქტორის კომბინაცია, შემდეგ ტაქტიკური სვლები, აღნიშნა მან.
„ჩემი პირადი აზრია ამ შემთხვევაში პარლამენტიდან გამოსვლა, ოღონდ მთლიანი ოპოზიციის. ერთი პოლიტიკური პარტიის გამოსვლა არაფერს ცვლის. მთლიანი პროდასავლური ოპოზიციის გამოსვლა იქნებოდა უკვე დემარში და ჟესტი, რომელიც დისკომფორტს შეუქმნიდა „ქართულ ოცნებას", – აღნიშნა მამულაშვილმა.
მისი აზრით, მეორე აუცილებელი ნაბიჯია უფრო აქტიური მუშაობა დასავლეთთან, მესამე – მოსახლეობასთან.
სოზარ სუბარი: „ნაცმოძრაობას" ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ აქვს>>
„გვაკლია თანმიმდევრულობა ყველას. ვფიქრობ, ბევრად მეტი ახალი სისხლი და ახალი აზროვნება არის საჭირო, რადგან როცა უკვე აღარ მიდის პროცესები და სტაგნაციაა, ახალი ხალხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობაში", – აღნიშნა მამულაშვილმა.
წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უმკლავდება ნიკა მელია პარტიის ხელმძღვანელობას და ახლა რომ არჩევნები იყოს, დაუჭერდა თუ არა მოსახლეობა მის კანდიდატურას მხარს, მამულაშვილმა უპასუხა: „თავისი შესაძლებლობების ფარგლებში უძღვება" და „ბევრად აქტიურ პარტიის თავმჯდომარეს ვისურვებდი".
მიმდინარე წლის აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნიკა მელია პარტიის ლიდერის პოსტსა და პარტიას ტოვებდა, რის შემდეგაც პარტიას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩაუდგებოდა სათავეში.
მარგველაშვილის დანიშვნაზე ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა გაავრცელა. ტელეარხის ინფორმაციით, მარგველაშვილმა წინადადება პირადად სააკაშვილისგან მიიღო. ეს ინფორმაცია მელიამ მალევე უარყო.
ყველა ახალი ამბავი
0