დღეს ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნება

© Sputnik / Alexander Imedashviliბავშვები შადრევანთან
ბავშვები შადრევანთან - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2022
გამოწერა
დღესასწაულზე ბავშვებს ელოდება უამრავი კონცერტი, სახალისო მასტერ-კლასი და მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ბავშვთა დაცვის დღეს – მსოფლიოში ყველაზე საბავშვო დღესასწაულს ზაფხულის პირველ დღეს, 1 ივნისს აღნიშნავენ.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მთელ მსოფლიოში აღნიშვნის გადაწყვეტილება 1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის მიერ სპეციალურ სესიაზე იქნა მიღებული. გაერომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა და ბავშვთა უფლებების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა თავისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა.
ისტორიაში ცალსახად არაა მოცემული, თუ რატომ აღინიშნება ეს დღე მაინცდამაინც 1 ივნისს, მაგრამ, ერთ-ერთი ვერსიით, 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული. ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ, როცა ჟენევაში იმართებოდა ბავშვების თემატიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია.
ბავშვთა საერთაშორისო დღეს თავისი სიმბოლური დროშა გააჩნია – მწვანე ფონზე დედამიწის ირგვლივ მდგომი სხვადასხვა ფერის ადამიანების ფიგურები.
ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებისთვის ეწყობა მასობრივი გასართობი და კულტურული ღონისძიებები. დღესასწაულს, როგორც წესი, აღნიშნავენ ბავშვებისადმი მიძღვნილი კონცერტებით, გამოფენებითა და სხვა ღონისძიებებით; იმართება საქველმოქმედო აქციები.
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით თბილისში ღონისძიებების კვირეული გაიმართება>>
ამ დღეს განსაკუთრებით ცდილობენ დაეხმარონ ბავშვთა სახლებს, ავადმყოფ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, მიუსაფარ, გაჭირვებულ ოჯახებს, მრავალშვილიანებს. ცდილობენ აჩუქონ მათ საჩუქრები, გაუკეთონ სიურპრიზები და ცოტათი მაინც გაუუმჯობესონ ცხოვრება.
წელს თბილისში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბავშვთა გასართობი ღონისძიებები დედაქალაქის სამ დიდ პარკში – ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში, „მზიურის" პარკში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართება.
ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა საბავშვო სტუდიების კონცერტები, მთელი დღის განმავლობაში ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი. ბავშვებს უფასოდ დაურიგდება ტკბილეული, მათ განწყობაზე კი ზღაპრის გმირების სამოსში გამოწყობილი ანიმატორები იზრუნებენ.
გარდა ამისა, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიხსნება გოგი თოდაძის სახელობის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც ქართული და უცხოური საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური დასები მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალი 1-6 ივნისს ჩატარდება. 4 ივნისს კი თბილისის ცირკში საბავშვო ფესტივალი გაიმართება. ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.
დღესასწაულის ისტორია
ბავშვთა საერთაშორისო დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი როდი აქვს, ეს დღე ახსენებს საზოგადოებას, რომ აუცილებელია ბავშვთა უფლებების დაცვა, რომ ყველა ბავშვი უნდა იზრდებოდეს ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში, იყოს ბედნიერი, შეეძლოს სრულფასოვანი განათლების მიღება, საყვარელი საქმიანობის არჩევა და მუშაობა, რათა მომავალში თითოეულმა მათგანმა შეძლოს შესანიშნავ მშობლად და თავისი ქვეყნის საამაყო მამულიშვილად ჩამოყალიბება.
ბავშვთა უფლებების დეკლარაცია 1959 წელს იყო მიღებული, რომელმაც ბავშვთა თანაბარი უფლებები გამოაცხადა აღზრდის, განათლების, სოციალური უზრუნველყოფის, ფიზიკური და სულიერი განვითარების სფეროში, დამოუკიდებლად კანის ფერის, ეროვნული კუთვნილების, საზოგადოებრივი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობისა და ა.შ.
დეკლარაცია მოუწოდებს მშობლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მთავრობებს, აღიარონ ბავშვთა უფლებები და მათ განხორციელებას ხელი შეუწყონ.
თბილისის ცირკში საბავშვო ფესტივალი გაიმართება>>
პირველი და ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელშიც ბავშვთა უფლებები საერთაშორისო სამართლის დონეზე იხილებოდა, გაეროს მიერ 1989 წელს 20 ნოემბერს მიღებული ბავშვის უფლებათა კონვენცია გახდა. კონვენციას ხელი 61-მა ქვეყანამ მოაწერა.
თითოეულ ქვეყანაში ბავშვები მოსახლეობის დაახლოებით 20-25%-ს შეადგენენ. სხვადასხვა ქვეყნებში ბავშვებს სხვადასხვა პრობლემები აქვთ. მაგალითად, ევროპასა და ამერიკაში დიდ პრობლემად ითვლება ტელევიზიისა და ინტერნეტის ნეგატიური ზეგავლენა.
აფრიკისა და აზიის ქვეყნებში ბავშვებს ემუქრება შიმშილი, შიდსი, სამხედრო კონფლიქტები და წერა-კითხვის უცოდინარობა. ბავშვები იქ ექიმებისა და მედიკამენტების ნაკლებობის გამო იღუპებიან. ასეთ ქვეყნებში ბავშვთა სიკვდილიანობის დონე ძალიან მაღალია.
ზოგიერთ ქვეყნებში ბავშვებს როგორც უფასო სამუშაო ძალას იყენებენ და მონობაშიც კი ჰყიდიან.
ყველა ახალი ამბავი
0