ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით თბილისში ღონისძიებების კვირეული გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerმთაწმინდის პარკი
მთაწმინდის პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2022
გამოწერა
დედაქალაქის მერია პატარებს სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს უმზადებს.
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული 1 ივნისს დაიწყება და 6 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის განცხადებით, ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დედაქალაქის სამ დიდ პარკში – ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში, „მზიურის“ პარკში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (ე.წ. კიკვიძის პარკში) გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია საბავშვო სტუდიების კონცერტები, ბავშვებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა გასართობი აქტივობები. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები იზრუნებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, 1–6 ივნისს თბილისის მერიის მხარდაჭერით და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ორგანიზებით ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში გაიხსნება გოგი თოდაძის სახელობის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრის საერთაშორისო ფესტივალი.
სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარამდე გაიზრდება>>>
ასევე კვირეულის ფარგლებში, 4 ივნისს თბილისის ცირკში გაიმართება საბავშვო ფესტივალი, რომლის მიზანი საბავშვო სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწე კომპანიების პოპულარიზებაა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მთელ მსოფლიოში აღნიშვნის გადაწყვეტილება 1949 წლის ნოემბერში, ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის მიერ სპეციალურ სესიაზე იქნა მიღებული. გაერომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა და ბავშვთა უფლებების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა თავისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა.
ისტორიაში ცალსახად არაა დადგენილი, თუ რატომ აღინიშნება ეს დღე მაინცდამაინც 1 ივნისს, მაგრამ, ერთ-ერთი ვერსიით, 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული. ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ, როცა ჟენევაში იმართებოდა ბავშვების თემატიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია.
პირველი და ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელშიც ბავშვთა უფლებები საერთაშორისო სამართლის დონეზე იხილებოდა, გაეროს მიერ 1989 წელს 20 ნოემბერს მიღებული ბავშვის უფლებათა კონვენცია გახდა. კონვენციას ხელი 61 ქვეყანამ მოაწერა.
ყველა ახალი ამბავი
0