რა ფორმატში გააგრძელებს მუშაობას რესპუბლიკური საავადმყოფო: ჯანდაცვის სამინისტრო

© photo: Sputnik / Stringerრესპუბლიკური საავადმყოფო
რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
გამოწერა
ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია პერსონალის მასობრივი გათავისუფლების შესახებ, თუმცა კლინიკის დირექციამ ეს უარყო.
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა (რესპუბლიკური საავადმყოფო) მუშაობას მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების ფორმატში გააგრძელებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია პერსონალის მასობრივი გათავისუფლების შესახებ, თუმცა კლინიკის დირექციამ ეს ინფორმაცია უარყო. საავადმყოფო ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობს, რის გამოც კოვიდ-განყოფილების თანამშრომლები სხვადასხვა დეპარტამენტებში გადაანაწილეს. თანამშრომლები, რომელთა ხელშეკრულების ვადა ამოიწურა, რეზერვში გადაიყვანეს.

„გარკვეული შიდა გადანაცვლება ამ პროცესს თან ახლავს. პერსონალი, რომელიც კორონავირუსის დროს მაქსიმალურად იყო დატვირთული, ახლა უკვე დაუბრუნდება სამუშაო ადგილს, სადაც პანდემიის დაწყებამდე იყვნენ", – აღნიშნა გაბუნიამ.

გაბუნიამ ასევე დაამატა, რომ ქვეყანაში კლინიკების აუდიტი გრძელდება და მისი შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, ანუ კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან რესპუბლიკური საავადმყოფო კოვიდ-კლინიკის სახით მუშაობდა.
ამ დროის განმავლობაში ეს საავადმყოფო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კოვიდ-ცენტრი იყო 340 საწოლით. ორი წლის განმავლობაში კლინიკამ მიიღო 10 ათასზე მეტი კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი.
რესპუბლიკური საავადმყოფო 10 მაისიდან იღებს როგორც კოვიდ-პაციენტებს, ისე იმ ავადმყოფებს, რომლებსაც სჭირდებათ გადაუდებელი სამედიცინო, სტაციონარული ან ამბულატორიული დახმარება.
პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ სხვადასხვა სახის დახმარება: გადაუდებელი მდგომარეობის მართვა, ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია, კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია, რეანიმაცია, ლაბორატორიული კვლევები, ამბულატორიული მომსახურება.
რა ხდება საქართველოს მთავარ საავადმყოფოში: დირექციამ განცხადება გაავრცელა >>
რესპუბლიკურ საავადმყოფოში განახლდა ინფრასტრუქტურა და სამედიცინო ტექნიკა. კოვიდ-კლინიკიდან ჰიბრიდულ რეჟიმზე გადასასვლელად ჩატარდა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური და ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
კლინიკის გაძლიერების მიზნით უახლოეს მომავალში დაგეგმილია საწოლების 600-მდე გაზრდა, სხვა სამედიცინო მიმართულებების დამატება, აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.
რესპუბლიკური საავადმყოფო საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში შედის, რომელიც სახელმწიფოს დაფინანსებაში მყოფ კლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებს აერთიანებს.
ყველა ახალი ამბავი
0