რა ხდება საქართველოს მთავარ საავადმყოფოში: დირექციამ განცხადება გაავრცელა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2022
გამოწერა
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში უპასუხეს გავრცელებულ ინფორმაციას კლინიკაში მასობრივი გათავისუფლებების შესახებ.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) დირექცია კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ თანამშრომლებს მასობრივად ათავისუფლებენ. კლინიკის განცხადება ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
კლინიკის დირექტორის ლიანა ჭუმბურიძის განცხადებით, საავადმყოფო ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობს, რის გამოც კოვიდ-განყოფილებების თანამშრომლები სხვადასხვა დეპარტამენტში გადაანაწილეს. ხოლო თადარიგში გადაიყვანეს ის თანამშრომლები, რომლებსაც ხელშეკრულებების ვადა ამოეწურათ.
როგორც ჭუმბურიძემ აღნიშნა, 14 თანამშრომლიდან ორმა კლინიკასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

„კლინიკაში გამოცხადებულია რეორგანიზაცია, რომელსაც აქვს ტექნიკური ხასიათი, რათა ხელი შეუწყოს ყველა იმ მიზნის და გეგმის შესრულებას, რაც გვაქვს დაგეგმილი", – განაცხადა ჭუმბურიძემ.

როგორც, თავის მხრივ, ჯანდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, თანამშრომლების გათავისუფლება არ იგეგმება, რადგანა კლინიკისთვის თითოეული კადრი მნიშვნელოვანია.
რესპუბლიკური საავადმყოფო 10 მაისიდან პაციენტებს მულტიპროფილურ სერვისს სთავაზობს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ანუ კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან საავადმყოფო კოვიდ-კლინიკის სახით მუშაობდა.
ამ დროის განმავლობაში რესპუბლიკური საავადმყოფო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კოვიდ-ცენტრი იყო 340 საწოლით. ორი წლის განმავლობაში კლინიკამ მიიღო 10 ათასზე მეტი კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი.
რესპუბლიკური საავადმყოფო 10 მაისიდან იღებს როგორც კოვიდ-პაციენტებს, ისე იმ ავადმყოფებს, რომლებსაც სჭირდებათ გადაუდებელი სამედიცინო, სტაციონარული ან ამბულატორიული დახმარება.
პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ სხვადასხვა სახის დახმარება: გადაუდებელი მდგომარეობის მართვა, ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია, კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია, რეანიმაცია, ლაბორატორიული კვლევები, ამბულატორიული მომსახურება.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში განახლდა ინფრასტრუქტურა და სამედიცინო ტექნიკა. კოვიდ-კლინიკიდან ჰიბრიდულ რეჟიმზე გადასასვლელად ჩატარდა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური და ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
კლინიკის გაძლიერების მიზნით უახლოეს მომავალში დაგეგმილია საწოლების 600-მდე გაზრდა, სხვა სამედიცინო მიმართულებების დამატება, აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ლიანა ჭუმბურიძე კლინიკის დირექტორად ცოტა ხნის წინ დაინიშნა. მან ამ პოსტზე ლევან გოფოძე შეცვალა.
რესპუბლიკური საავადმყოფო საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში შედის, რომელიც სახელმწიფოს დაფინანსებაში მყოფ კლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებს აერთიანებს.
ყველა ახალი ამბავი
0