სამი ოქრო და ერთი ვერცხლი - ქართველი მოკრივეების ტრიუმფი ერევანში

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშისახილ ალახვერდოვი (მარცხნივ)
სახილ ალახვერდოვი (მარცხნივ) - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
გამოწერა
ოქროს მედლები გიორგი ყუშიტაშვილმა, არტიუშ გომციანმა და სახილ ალახვერდოვმა მოიპოვეს, ვიცე-ჩემპიონი კი ლაშა გურული გახდა.
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ კრივის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მონაწილეებმა ოთხი მედალი მოიპოვეს, აქედან სამი ოქროა.
გუშინ ფინალურ ეტაპზე ერთბაშად ოთხი ქართველი სპორტსმენი გავიდა. პირველი ოქროს მედალი ქართულ დელეგაციას სახილ ალახვერდოვმა (48 კგ) მოუტანა, რომელმაც ფინალში ბულგარელი ერგუნალ სებაჰტინ საბრი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
მეორე ოქროს მედალი არტიუშ გომციანმა (60 კგ) აიღო, რომელმაც ფინალში ურთულეს ბრძოლაში ესპანელ ხოსე კილეს ბროტონსს 3:2 სძლია.
ჩემპიონობა იზეიმა გიორგი ყუშიტაშვილმაც (86 კგ), რომელიც ფინალში სომეხ რაფაელ ჰოვანისიანს დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:0 იმარჯვა.
ეროვნული ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა ლაშა გურულმა (67 კგ) კი ფინალურ ორთაბრძოლაში სერბეთის სახელით მოასპარეზე ვახიდ აბასოვის ბარიერი ვერ დაძლია (0:4) და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
კრივი: ოთხი ქართველი ფინალში - საქართველოს ნაკრების წარმატება ევროპირველობაზე>>
საქართველოს ნაკრები ერევანში 10 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. ევროპირველობას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ ნოდარ დარბაიძე (51 კგ), ესკერხან მადიევი (71 კგ), ოთარ ნავერიანი (75 კგ), გიორგი გუცაევი (80 კგ), გიორგი ჭიღლაძე (92 კგ) და ნიკოლოზ ბეგაძე (+92 კგ).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების წევრებს აქამდე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი ერთადერთხელ ჰქონდათ მოპოვებული, რომელიც გიორგი კანდელაკის ანგარიშზეა (კანდელაკი ჩემპიონი 1993 წელს თურქეთის ქალაქ ბურსაში გამართულ ევროპის პირველობაზე გახდა).
ყველა ახალი ამბავი
0