ფასიანი პარკირების არეალი ფართოვდება - რომელი ქუჩები ემატება ზონალურ-საათობრივ სისტემას

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliფასიანი ავტოსადგომები დედაქალაქში
ფასიანი ავტოსადგომები დედაქალაქში - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
გამოწერა
დედაქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 2019 წლის 1 აგვისტოდან მოქმედებს.
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ მისამართებზე 1 ივლისიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება, იუწყება თბილისის მერია.
საბურთალოს ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება დაწესდება კოსტავასა და შარტავას ქუჩების ნაწილზე, გიორგი სააკაძის დაღმართსა და სხვა მიმდებარე ქუჩების ნაწილზე, სადაც ასევე გათვალისწინებული იქნება შშმ პირთა სპეციალური და ელექტრომობილების დასამუხტი ადგილები.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობამ შესაბამის მისამართებზე რეგისტრაციის გავლა რომ შეძლოს, 1 ივნისიდან პარკირების ჯიხურები საბურთალოს ტერიტორიაზე განთავსებული იქნება შემდეგ მისამართებზე:
მერაბ კოსტავას ქუჩა (სპორტის სასახლის მიმდებარედ),
ანა კალანდაძის ქუჩა N3,
ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩა N2,
სიმონ კანდელაკის ქუჩა N7,
გურამ ფანჯიკიძის ქუჩა N22ა,
სერგო ზაქარიაძის ქუჩა N8,
ვაჟა-ფშაველას გამზირი N71ბ,
მიხეილ შავიშვილის ქუჩა (ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-4 კვარტალი, კორპ. N5),
ელიზბარ მინდელის ქუჩა (ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-5 კვარტალი, კორპ. N4).
მერიის ცნობით, ისნის რაიონში, მეტროს სადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, მეველეს ქუჩაზე ასევე ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირება. აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლები დარეგისტრირებას მეველის ქუჩის N7/9-ში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურში შეძლებენ.
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა. პირველ ჯერზე იგი კოტე აფხაზის ქუჩაზე და ორბელიანის მოედანზე ამოქმედდა. მოგვიანებით აღნიშნული სისტემა თბილისის სხვა ქუჩებზეც გავრცელდა.
ველოსიპედის გასაჩერებელი ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
თბილისს მეტი საავტობუსო ზოლი და ველობილიკი ესაჭიროება - ექსპერტი
პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის (პარკირების ადგილიდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრები ან უძრავი ქონების მფლობელი პირებისთვის), შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის, ასევე A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის.
ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით მობილური აპლიკაცია – Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.
ყველა ახალი ამბავი
0