თბილისს მეტი საავტობუსო ზოლი და ველობილიკი ესაჭიროება - ექსპერტი

© photo: Sputnikველოსიპედის გასაჩერებელი ადგილი
ველოსიპედის გასაჩერებელი ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
გამოწერა
პარლამენტს წარედგინება ინიციატივა თბილისში ტრანსპორტის პარკირების წესების გამკაცრებისა და ჯარიმების გაზრდის შესახებ.
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. პარკირების რეალიზაციის პარალელურად თბილისში უნდა განვითარდეს ავტობუსების ზოლები და ველობილიკები, განაცხადა ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა ირაკლი იზორიამ.
ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტში წარადგენს საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც თბილისში ტრანსპორტის პარკირების წესების გამკაცრებასა და ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს.

„თუ იმას ვამბობთ, რომ საპარკინგო რეფორმა ხორციელდება, საპარკინგო ადგილებს ვზღუდავთ, მაშინ ეს საპარკინგო ადგილები საზოგადოებრივ სივრცეებს უნდა დავუთმოთ, რასაც ავტობუსის ზოლები, ველობილიკები ჰქვია“, – განუცხადა იზორიამ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, თბილისში კვლავ პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი არაა, ან დიდი ხნით ლოდინია საჭირო. ამის გადასაწყვეტად სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში მერიამ 18-მეტრიანი ავტობუსები უნდა შეიძინოს 10 ძირითადი „დერეფნისთვის“.
„აუცილებლია ეს რეფორმა ბოლომდე გატარდეს, 10 დერეფანი გაკეთდეს, საავტობუსო ზოლები განვითარდეს. 2.000 ავტობუსი რომ შემოვიყვანოთ, თუ საავატობუსო ზოლები არ გვექნება, ეს ავტობუსები მაინც „საცობებში“ იდგებიან“, – აღნიშნა ექსპერტმა.
იზორიას თქმით, საქართველოში ყოველწლიურად იზრდება ავტომობილების რაოდენობა. თუ 2004 წელს 400 ათასი ავტომობილი იყო, ახლა 1,5 მილიონია. ამდენი საპარკინგო ადგილის გაკეთება ფიზიკურად შეუძლებელია, აღნიშნა მან.
მძღოლების საყურადღებოდ! თბილისში ახალი წესები და ჯარიმები ამოქმედდება>>
ექსპერტმა ასევე მიუთითა, რომ ბევრ საცხოვრებელ კორპუსს არ გააჩნია საკუთარი ავტოფარეხი, რის გამოც მცხოვრებლები ავტომობილებს საზოგადოებრივ საპარკინგო ადგილებზე აჩერებენ.
„ეს კომპლექსური პრობლემაა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პარკირების რეფორმა კარგია, თუმცა მას გაგრძელება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით მაქიმალურად დახვეწა სჭირდება“, – განაცხადა იზორიამ.
კანონპროექტს, რომელიც პარკირების წესების გამკაცრებას ეხება, იზორია მიესალმება და მიიჩნევს, რომ ახალმა წესებმა ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევები უნდა შეამციროს.

„თუ ქვეითად მოსიარულეთა ტროტუარებზე ავტომობილი იქნება გაჩერებული, სადგომზე მისი დაუყოვნებლივ გადაყვანა მოხდება. ძალიან ბევრი მოქალაქე, რომელიც ფეხით გადაადგილდება, შშმ პირები, ხშირად იძულებულები ხდებიან გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ, რაც მათ საფრთხეს უქმნის, მოხვდნენ საგზაო შემთხვევაში“, – განმარტა იზორიამ.

კანონმდებლობაში დაგეგმილია კიდევ ერთი ინიციატივა – მუნიციპალიტეტი შეძლებს განსაზღვროს, სად გადაკვეთს ტაქსი საავტობუსო ზოლს, რაც ამჟამად მათთვის აკრძალულია და ჯარიმით ისჯება.
„ეს ყველაფერი საგზაო უსაფრთხოებასთან პირდაპირ კავშირშია, ვინაიდან ტაქსიდან ჩამომსვლელი მგზავრი შეიძლება ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდეს. ცვლილებების ამოქმედების შედეგად კი ტაქსის მძღოლებს უფლება მიეცემათ, ავტობუსის ზოლში გადავიდნენ და მგზავრს მანქანა უსაფრთხოდ გაუჩერონ“, – განაცხადა იზორიამ.
თბილისის სამ რაიონში ფასიანი პარკინგი ამოქმედდება>>
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ჯარიმის 50-დან 100 ლარამდე გაზრდას ველობილიკზე, შშმ პირებისთვის ადგილებზე ან ტაქსის გაჩერებებზე არასწორი პარკირებისთვის
იზორიას თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკა მიმართულია ველობილიკების ქსელის განვითარებაზე, რომელიც თბილისში დიდი ხნის წინ დაიწყო, მაგრამ მოსახლეობა ხშირად აწყდება ზოგიერთ პრობლემას.
„ძალიან ბევრი ველომოყვარული მერიას საჩივრით მიმართვდა, რომ ისინი კომფორტულად ვერ გადაადგილდებიან, ვინაიდან ველობილიკზე გაჩერებული ავტომობილები ხვდებათ. ამ შემთხვევაში მხოლოდ ჯარიმის, ანუ 100 ლარის გამოწერა საკმარისი არ იქნება, აუცილებელია, რომ აღსრულება გაიზარდოს“, – აღნიშნა ექსპერტმა.
რაც შეეხება ჯარიმას, თუ მოქალაქე ადრე ჯარიმას საქარე მინაზე იღებდა, მას შეიძლება ის დაეკარგა, ჯარიმა კი ერიცხებოდა. ეს წესი შეიძლება შეიცვალოს. შესაბამისი შეტყობინება მათ სახლში მიუვათ, განაცხადა იზორიამ.
რას მოიცავს ახალი კანონმდებლობა:
ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზე ავტომობილის პარკირება დაუყოვნებლივ ევაკუაციას დაექვემდებარება;
მუნიციპალიტეტს უფლება მიენიჭება, საავტობუსო ზოლზე ტაქსის გადასვლის ადგილები და პირობები განსაზღვროს;
უქმდება მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ოქმის დატოვების წესი, სამართალდამრღვევს ოქმი გაეგზავნება სტანდარტული წესით და ამავდროულად მიუვა sms შეტყობინება;
ავტომობილის ველოსიპედის ბილიკზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება; ტაქსის პარკირების ადგილზე გაჩერება; სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება; ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირება და შშმ პირებისთვის განკუთვნილ გაჩერების ადგილზე პარკირება გამოიწვევს დაჯარიმებას არსებული 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით.
მსუბუქი მანქანისათვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და სხვა შეუსაბამო ტიპის სატრანსპორტო საშუალების პარკირება ასევე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
ამის პარალელურად ზონალური პარკირების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის იგნორირების და პარკირების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 10-დან 50 ლარამდე გაიზრდება.
ყველა ახალი ამბავი
0