მძღოლების საყურადღებოდ! თბილისში ახალი წესები და ჯარიმები ამოქმედდება

© photo: Sputnik / Stringerტაქსი
ტაქსი - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2022
გამოწერა
ავტომობილის არასწორად პარკირებისთვის ჯარიმების რაოდენობა გაიზრდება.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობამ თბილისის მერიასთან ერთად შეიმუშავა ახალი კანონპროექტი, რომლის თანახმად, დედაქალაქში მკაცრდება პარკირების წესები და იზრდება ჯარიმების ოდენობა, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა.
პარკირების წესების იგნორირება დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. პარკირების ადგილების არარსებობამ და ავტომობილების დიდმა რაოდენობამ გამოიწვია ის, რომ ბევრი მძღოლი ავტომობილს აჩერებს ტროტუარზე ან ისეთ ადგილებში, სადაც პარკირება კატეგორიულად აკრძალულია.

„თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა, პირველ რიგში, ორიენტირებულია ქვეითად მოსიარულეებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ კერძო ავტომობილების მფლობელებზე“, – განაცხადა დავითულიანმა ბრიფინგზე.

კანონპროექტის თანახმად, ტროტუარზე გაჩერებული ყველა ავტომობილი საჯარიმო სადგომზე გადაყვანას დაექვემდებარება.
გარდა ამისა, მერიას მიენიჭება უფლება განსაზღვროს საავტობუსო ზოლზე ტაქსის გადასვლის ადგილები და პირობები. ასევე უქმდება ჯარიმის ოქმის მანქანის საქარე მინაზე დატოვების წესი – სამართალდამრღვევს ოქმი გაეგზავნება სტანდარტული წესით და ამავდროულად მიუვა სმს–შეტყობინება.
პროექტის თანახმად, ავტომობილის – ველოსიპედის ბილიკზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება; ტაქსის პარკირების ადგილზე გაჩერება; სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება; ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირება და შშმ პირებისთვის განკუთვნილ გაჩერების ადგილზე პარკირება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით ამჟამად არსებული 50 ლარის ნაცვლად.
მსუბუქი მანქანებისთვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და სხვა შეუსაბამო ტიპის სატრანსპორტო საშუალების პარკირება ასევე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
ამავდროულად, ზონალური პარკირების სისტემის დანერგვამ მოიტანა ის, რომ ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის იგნორირებაზე და პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10-დან 50 ლარამდე გაიზრდება.
ყველა ახალი ამბავი
0