პრეზიდენტმა სტამბულის ქართული კათოლიკური ასოციაციის თავმჯდომარეს ორდენი გადასცა

© photo: Sputnik / Stringerპრეზიდენტის რეზიდენცია
პრეზიდენტის რეზიდენცია - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2022
გამოწერა
დაჯილდოების ცერემონია ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტამბულის ქართული კათოლიკური ასოციაციის თავმჯდომარე პოლ ზაზაძე „ოქროს საწმისის“ ორდენით დააჯილდოვა.
ზურაბიშვილმა ჯილდო ზაზაძეს საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და ქართველი ემიგრანტების დახმარებისთვის გადასცა. დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლ ზაზაძესა და მის ოჯახს ქვეყნისა და ხალხისათვის მათი თავდადებული მოღვაწეობისა და ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

„ეს ჯილდო რეალურად მამათქვენის და თქვენი, მთლიანი ოჯახის მოღვაწეობისთვის გადმოცემული ჯილდოა და იმის ნიშანია, რომ საქართველოს სახელმწიფო აფასებს ამ მოღვაწეობას, თქვენს წვლილს ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და ქართული კათოლიკური ეკლესიის შენარჩუნებაში", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მრავალი წლის განმავლობაში ქართული კათოლიკური ეკლესია არსებობდა და სწორედ ამაში გამოიხატება ქართველი ხალხის მრავალფეროვნება.
„არ შეიძლება, რომ ჩვენი ქვეყნისა და კულტურის ეს ნაწილი დავივიწყოთ და არ მივანიჭოთ მას ის ადგილი, რომელიც მას უნდა ჰქონდეს ჩვენს ქვეყნაში. ბედნიერი ვარ, რომ დღეს შემიძლია ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს სახელით ეს ჯილდო გადმოგცეთ", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, პოლ ზაზაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მისი ოჯახის საქმიანობის დაფასებისთვის.

„ჩემთვის დიდი პატივია მივიღო დღეს ეს უნიკალური ჯილდო, რომელიც გადმომეცა იმისათვის, რასაც უკვე სამი თაობაა ჩემი ოჯახი და ფონდი სტამბულში ქართული კათოლიკური ეკლესიისთვის და ქართული საზოგადოებისთვის აკეთებს", – აღნიშნა ზაზაძემ.

ზაზაძის თქმით, მისმა ოჯახმა დიდი პასუხისმგებლობა აიღო რელიგიური და კულტურული, ჭეშმარიტად ქართული საგანძურის გადარჩენის, შენარჩუნებისა და გამდიდრების კუთხით.
„ჩვენ ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა გვაქვს, დაახლოებით 80 ათასი წიგნით, დოკუმენტებით, სურათებითა და წერილებით, რომელიც გვინდა საქართველოს კულტურისთვის და ისტორიისთვის სასარგებლო გავხადოთ. ასე რომ, ეს არის ჩვენი როლი, ამას ვაკეთებთ და ვცდილობთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ საქართველოსთვის", – აღნიშნა პოლ ზაზაძემ.
თურქეთში ემიგრაციაში მყოფი ზაზაძეების სამი თაობა მრავალი წლის განმავლობაში აგროვებდა ქართველ კათოლიკე მღვდელმთავრების არქივებსა და ეპისტოლარულ ძეგლებს, ენობრივ-ისტორიულ უნიკალურ სამეცნიერო მასალებს, რომლებიც ინახება თურქულ-ქართული კულტურისა და განათლების ფონდში. აღნიშნულ ფონდს ზაზაძეების ოჯახი მართავს.
ყველა ახალი ამბავი
0