სოცაგენტები სოციალურად დაუცველ ოჯახებში ბავშვების მდგომარეობას შეისწავლიან

© photo: Sputnikთბილისის ქუჩები
თბილისის ქუჩები - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2022
გამოწერა
სოციალური აგენტი შეამოწმებს, დადის თუ არა ბავშვი სკოლაში და სარგებლობს თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით.
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. სოციალური აგენტები, რომლებიც ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებენ, 1 ივნისიდან ბავშვების მდგომარეობას ცალკე შეისწავლიან.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა უკვე დაამტკიცა შესაბამისი ცვლილებები ბრძანებაში „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“.

ცვლილებების თანახმად, სოციალური აგენტები, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობის შეფასებას ახორციელებენ, აგრეთვე ამ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობასაც შეაფასებენ.

ოჯახის მდგომარეობის შეფასებისას აგენტი ცალკე მიუთითებს, არის თუ არა სახლი უსაფრთხო ბავშვებისთვის, მათ შორის კედლებისა და იატაკის სიმყარეს, სახლის მდგომარეობას და არსებულ საფრთხეებს. ასევე აგენტმა უნდა მიუთითოს, სად სძინავთ ბავშვებს და აქვთ თუ არა ძილის, ჰიგიენის პირობები, სეზონის შესაბამისი ტანსაცმელი.
გარდა ამისა, 1 ივნისიდან დეკლარაციაში იქნება მითითებული არა მხოლოდ ინფორმაცია ოჯახის ქონებისა და სესხების შესახებ, არამედ ბავშვების მიერ ნებისმიერი სახის შეჯიბრებაში/კონკურსში/სპორტულ თამაშში მონაწილეობისთვის ან/და გამარჯვებისთვის მიღებული ფულადი სახის ჯილდო/პრიზი, ასევე ქველმოქმედების ფარგლებში მიღებული ფულადი თანხები.
სოციალური აგენტი შეამოწმებს, დადის თუ არა ბავშვი სკოლაში და სარგებლობს თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. თუ ერთ-ერთი პუნქტის დარღვევა დადგინდება, სოცმუშაკი ვალდებული იქნება ამის შესახებ ზრუნვის სააგენტოს აცნობოს.
1 ივნისიდან სოციალური აგენტები ასევე ვალდებული იქნებიან დარეკონ გადაუდებელი დახმარების ცენტრში, თუ შემოწმებისას გამოვლინდება, რომ ოჯახის რომელიმე წევრის, მათ შორის, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
აგენტებმა ასევე უნდა დარეკონ „112“-ში, თუ ბავშვს აღენიშნება ფიზიკური ძალადობის ნიშნები: სხვადასხვა ფერის სილურჯეები, სხვადასხვა ხარისხის ჭრილობები ან/და ნაკაწრები, იარები, სხეულის შეშუპებული ნაწილები, მოტეხილობები ან/და სხვა სახის დაზიანებები; ასევე თუ ოჯახის წევრი მიუთითებს მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ან სხვა ტიპის ძალადობაზე.
ხოლო თუ დადგინდება, რომ ოჯახში 10 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი ბავშვი იმყოფება უმეთვალყურეოდ, სააგენტოს უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს ზრუნვის სააგენტოს.
ყველა ახალი ამბავი
0