შიდა უთანხმოება - საფრთხე საქართველოს საგარეო კურსისთვის?

© photo: Sputnikაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2022
გამოწერა
მმართველ პარტიაში ირწმუნებიან, რომ საქართველოს ხელისუფლებას ყველა მწვავე კითხვაზე აქვს პასუხი.
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება საშინაო პოლიტიკურ საკითხებს არ უკავშირდება, განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ „პირველი არხის“ ეთერში.
ოპოზიციის დიდი ნაწილი ხელისუფლებას ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს დაბრკოლება გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. თავის მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ოპოზიცია ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ახორციელებს.

„არ მგონია, ამ საკითხებმა პრობლემა შექმნას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. კანდიდატის სტატუსის მისაღებად არსებობს გარკვეული კრიტერიუმები. შიდა პოლიტიკურ საკითხებს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დიდი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა სამხარაძემ.

მანამდე საქართველოს კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლებას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მაქსიმალური სირთულეები შეუქმნას.
გასულ კვირაში ოპოზიციის ნაწილმა ბრიუსელში, ბერლინსა და ტალინში შეხვედრები გამართა. რადიკალური ოპოზიცია ირწმუნება, რომ მათ ქვეყნის მხარდასაჭერად იმუშავეს. შედეგად – ამ შეხვედრების შემდეგ ევროპარლამენტის დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლების მისამართით მწვავე განცხადებები გააკეთეს.
წულუკიანი: ოპოზიცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ხელს უშლის>>>
სამხარაძის თქმით, საპარლამენტო გუნდსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაგეგმილი აქვთ, ივნისში ევროპის სხვადასხვა ქალაქს ეწვიონ და პასუხი გასცენ სასამართლოს რეფორმასთან, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასთან, შარლ მიშელის შეთანხმებასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას.
„ჩვენ ყველა ამ კითხვაზე გვაქვს პასუხი“, – განაცხადა სამხარაძემ.
ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას 27 ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლებები ან პრეზიდენტები იღებენ.

„რა თქმა უნდა, ევროპარლამენტარების აზრი მნიშვნელოვანია, თუმცა ისინი არ იღებენ მონაწილეობას იმ კენჭისყრაში, რომელიც ევროკავშირის საბჭოში უნდა გაიმართოს“, – დასძინა სამხარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს.
"2.669 შეკითხვა, 3.600 გვერდი, 30 დღე – საქართველოს დამსახურებები რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, შრომა და ბრძოლა ევროპაში დამსახურებული ადგილისთვის. პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი - „დიახ" საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე", – დაწერა პაპუაშვილმა „ტვიტერის“ გვერდზე.
„თუ საქართველოს ოდესმე ჰქონია შანსი, რომ მოეპოვებინა კანდიდატის სტატუსი და, შესაბამისად, კიდევ უფრო მეტად გაეღო ევროკავშირის კარი, ეს შანსი ახლაა“, – განაცხადა ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა.
ამასთან, ოპოზიციურმა ტელეარხმა „ფორმულამ“ ამ დღეებში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ აქვთ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის გადაცემული დოკუმენტის ასლი. დოკუმენტი 20 პუნქტისგან შედგება და მასში ჩამოთვლილია ის პრობლემები, რომლებიც ევროკავშირის აზრით, შესაძლოა, გახდეს დაბრკოლება ევროინტეგრაციის გზაზე.
ამ პრობლემებს შორისაა: შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამოსვლა, დარღვევები ადგილობრივი არჩევნების პირველი და მეორე ტურის დროს, მოსამართლეების დანიშვნის პროცესში შესაძლო დარღვევები, პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევა, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0