პრემიერი: ევროპული მომავალი ქართველი ერის მიერ განსაზღვრული სამოქმედო პროგრამაა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2022
გამოწერა
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას და დიასპორის წარმომადგენლებს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და საქართველოს განვითარებაში „ქართული ოცნების“ დამსახურებებზე ისაუბრა.
ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა თავისუფლების მოედანზე საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე, რომელიც დღევანდელი ღონისძიებების მთავარი ეპიცენტრია. სახელმწიფოს პირველი პირების გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის ხუთ რეგიონში ერთდროულად ჩატარდა.

„მსოფლიოსთვის დღეს არსებული გლობალური გამოწვევების მიუხედავად, რამაც მრავალი ქვეყნის ეკონომიკა საგრძნობლად დააზარალა, ჩვენი მთავრობის წინდახედული, გონივრული, ეროვნული ინტერესების პოლიტიკით ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურობას და განვითარებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ყველა პროფესიის წარმომადგენელს, რომლებიც ქვეყნის საკეთილდღეოდ შრომობენ.
„გილოცავთ ყველას, ვისთვისაც სამშობლო და თავისუფლება მთავარი ღირებულებებია, ვინც ჩვენი დიდი წინაპრების ნათელ ხსოვნას ინახავს და ყოველდღიური შრომით მონაწილეობას იღებს საქართველოს საუკეთესო მომავლის მშენებლობაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, დღეს საქართველო ევროპის საიმედო და ერთგული მოკავშირეა, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ კი ქვეყნის ევროპულ ოჯახთან შეერთება კიდევ უფრო რეალური გახდა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ გეგმამ, ძვირფასო მეგობრებო, კონკრეტული სახე შეიძინა. მოკლე ხანში ჩვენ გადავდგით არაერთი ქმედითი ნაბიჯი ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად – გავატარეთ მასშტაბური რეფორმები სამართლებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ სფეროებში“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც.
ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ დღეს საქართველო ახალ ისტორიულ ეტაპზეა, რომელიც 3 მარტს ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადზე ხელმოწერით დაიწყო.
„ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, ვინც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა; მას შემდეგ მთელ ჩვენ განვითარებას სწორედ ის სახარებისეული ფასეულობები განსაზღვრავს, რომელიც ასევე საფუძვლად უდევს დღევანდელ ევროპას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ეს გააზრების დღეა: საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა>>>
მისი თქმით, მემკვიდრეობა, რომელიც დატოვეს საქართველოს ღირსეულმა შვილებმა – ილია ჭავჭავაძემ, ნიკო ნიკოლაძემ, ივანე ჯავახიშვილმა, კიდევ უფრო აძლიერებს ხალხის რწმენას, რომ ჩვენი უძველესი ქვეყანა თავისი უნიკალური ისტორიით, კულტურითა და ენით ნამდვილად იმსახურებს – გახდეს ევროპის ერთიანი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი.
„კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! მშვიდობას, წინსვლას და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობა აირჩია.
1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0