პატივი და კომპლიმენტია: თეა წულუკიანი ოპოზიციის „შავ სიას“ გამოეხმაურა

© Government of Georgiaთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2022
გამოწერა
წულუკიანმა აღნიშნა, რომ მისთვის პატივი და კომპლიმენტია „ნაციონალური მოძრაობის“ „შავ სიაში“ მოხვედრა.
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შედგენილი „შავი სია“ ვერასდროს გახდება წარმატებული, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ რომან გოცირიძემ ოთხშაბათს გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ აუცილებელია იმ მოსამართლეების, პროკურორებისა და ძალოვანი სტრუქტურების სხვა წარმომადგენლების სიის შედგენა, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ დევნას, ფეხქვეშ თელავენ სასამართლო სისტემას.

„მე უკვე ვეღარც ვითვლი, მერამდენე „შავი სიაა“. „შავი სიები“ ქვეყნდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკვე მრავალი წელია და წელიწადში რამდენჯერმე. ან ეს იდეა უნდა მიატოვონ, რადგან ვერცერთხელ „შავი სია“ წარმატებული ვერ იქნა, ან სიის ფერი შეცვალონ, ან რაღაც ახალი მოიგონონ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ „შავ სიაში“ თავადაც არის.
„ეს ჩემთვის მხოლოდ ძალიან დიდი პატივი და კომპლიმენტია“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ ადრე განაცხადა, რომ „შავ სიაში“ უნდა მოხვდეს ყველა, ვინც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს და არღვევს ადამიანის უფლებებს. კერძოდ, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასთვის გამამტყუნებელი განაჩენის მიმღები პირები.
16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადრე განაცხადა, რომ ადამიანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, უნდა დაისაჯოს. მთავრობის მეთაურის თქმით, ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი გამჭვირვალედ ჩატარდა.
ყველა ახალი ამბავი
0