სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტების ვიზიტი დაუშვა

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერების საპროტესტო აქცია თბილისის სასამართლოს შენობასთან 2022 წლის 21 თებერვალს
სააკაშვილის მხარდამჭერების საპროტესტო აქცია თბილისის სასამართლოს შენობასთან 2022 წლის 21 თებერვალს - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2022
გამოწერა
ბრალდების მხარე ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი არ იყო.
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაავალა, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ცენტრ „ემპათიის“ დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი დაუშვას.
ამრიგად, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. თავის მხრივ, პროკურატურამ განმარტა, რომ იგი არ ეწინააღმდეგება ამ შუამდგომლობას, რადგან საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას.

„ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია დაცვის მხარისთვის, რადგან ის გვაძლევს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ექსპერტიზის შესაძლებლობას. ბუნებრივია, ამან რაიმე ტიპის ილუზიები არ უნდა შეგვიქმნას, ეს არის ძალიან მცირე პოზიტიური ნაბიჯი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ექს-პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

სხდომაზე მოსამართლემ წაიკითხა პენიტენციური სამსახურის განცხადება, სადაც მითითებულია, რომ მათ ვერ უზრუნველყვეს ექსპერტების დაშვება, რადგან დღის წესრიგში სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საკითხი იდგა.
მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობას 12 მაისიდან გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც მან 2021 წლის 1 ოქტომბერს დაპატიმრებისთანავე გამოაცხადა.
„მან გუშინ, გვიან საღამოს გონება დაკარგა, თუმცა ექიმების დაუყოვნებლივი ჩარევის შედეგად ეს პრობლემა აღმოიფხვრა, რისთვისაც მადლობელია სამედიცინო პერსონალის“, – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
კლინიკა „ვივამედი“: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ გაუარესებულა >>
რაც შეეხება სასამართლო სხდომას მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, ის 2 ივნისისთვის გადაიტანეს.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0