კლინიკა „ვივამედი“: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ გაუარესებულა

© photo: Sputnik / Stringerპალატა კლინიკაში
პალატა კლინიკაში - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2022
გამოწერა
ყოვლად მიუღებელია კლინიკის ექიმებზე ზეწოლა, მათ კომპეტენციაში ეჭვის შეტანა, ნათქვამია განცხადებაში.
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კლინიკაში ყოფნის პერიოდში, 12 მაისის შემდეგ არ გაუარესებულა, ნათქვამია მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ვივამედის“ ხელმძღვანელობის განცხადებაში, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ საქართველოს ექს-პრეზიდენტი იმყოფება.
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, რომელიც ამჟამად სასჯელს იხდის და კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს, გამოაქვეყნა წერილი, სადაც თავის ჯანმრთელობაზე საუბრობს. მისი თქმით, მას ტრავმის გამო შესაძლოა ხერხემლის ოპერაცია დასჭირდეს, ხოლო მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ თავის ტვინში ცვლილებები აჩვენა.
ცენტრ „ემპათიის“ დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა, თავის მხრივ, სააკაშვილის დიაგნოსტიკას და მკურნალობას არაადეკვატური უწოდა და აღნიშნა, რომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნა, რადგან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამას არაერთი თვეა ითხოვენ სააკაშვილის ახლობლები, ადვოკატები და მხარდამჭერები.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა პაციენტის სტაციონარში ყოფნის პერიოდში არ გაუარესებულა: ლაბორატორიული მონაცემები დინამიკაში სტაბილურია, ნაწილი ინსტრუმენტული გამოკვლევების შედეგები – უარყოფითი დინამიკის გარეშეა“, – ნათქვამია კლინიკის განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ნანახი ცვლილებები ხანდაზმულია, არ არის კავშირში პაციენტის ამჟამინდელ მდგომარეობასთან.
ექიმები განმარტავენ, რომ საკვების არასრულფასოვანი მიღებით გამოწვეული შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით პაციენტს უგრძელდება ლაბორატორიული მონიტორინგი, სხვადასხვა პროფილის ექიმი-სპეციალისტები კი კონსულტაციებს უწევენ.
„კვლევების დროში გახანგრძლივება პირდაპირ კავშირში იყო პროცედურულ საკითხებთან, რაც გულისხმობს პაციენტისგან ნებართვის აღებას, თანაც ლაბორატორიული მონაცემები „ლოდინის“ საშუალებას გვაძლევდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, კლინიკის ხელმძღვანელობა აბსურდულსა და შეურაცხმყოფელს უწოდებს მასმედიით ხშირად გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კლინიკა „ვივამედს“ არ შესწევს უნარი დასვას დიაგნოზი და სათანადოდ მართოს პაციენტი.

„ყოვლად მიუღებელია კლინიკაზე და კლინიკის ექიმებზე ზეწოლა, მათ კომპეტენციებში ეჭვის შეტანა და პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაციების გავრცელება“, – ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კლინიკაში ყველა მხარეს მოუწოდებენ, იმოქმედონ პაციენტის ინტერესებში, კერძოდ, საუბარია ცალკეულ ექიმებზე, რომელთა მხრიდან სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ „რეალობას მოწყვეტილი ისტერიული განცხადებები კეთდება“.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ექს-პრეზიდენტის რამდენიმე სასამართლო პროცესი გადაიდო.
ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც მან 2021 წლის 1 ოქტომბერს დაპატიმრებისთანავე გამოაცხადა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0