იგეგმება თუ არა დედაქალაქში მრავალდონიანი პარკინგის მშენებლობა?

© photo: Sputnikმიწისქვეშა პარკინგი
მიწისქვეშა პარკინგი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2022
გამოწერა
პარკირების პრობლემა, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში, დედაქალაქისთვის ძალზე აქტუალურია.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. თბილისში მრავალდონიანი საპარკინგო შენობების მშენებლობა შეუძლებელია, განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.
ბოლო რამდენიმე წელია თბილისში პარკირების საკითხი უაღრესად გამწვავდა. სპეციალისტების შეფასებით, ავტომობილების რაოდენობა ლამის გაუთანაბრდა ქალაქის მოსახლეობის რიცხვს. პარკინგის ადგილების არარსებობა პრობლემას წარმოადგენს როგორც ავტომობილების მფლობელებისთვის, ისე ქვეითებისთვის. ამის ფონზე კი ხელისუფლება კიდევ უფრო ამკაცრებს თბილისში პარკირების მარეგულირებელ წესებს.

„თბილისში მიწისქვეშა მრავალსართულიანი პარკინგების მოწყობა ჰიდროგეოლოგიური მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა, ხოლო მიწისზედა მრავალდონიანი პარკინგის მოსაწყობად დედაქალაქში ადგილი აღარ არის. თბილისში პრაქტიკულად აღარ არის ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება მრავალდონიანი პარკინგის მშენებლობა“, – განაცხადა ბითაძემ ჟურნალისტებთან.

ამასთან, პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ის საპარკინგო ადგილები, რომლებიც საქართველოში 1990-იანი წლებში არსებობდა, ან გაყიდული, ან ამორტიზებულია.
მისი თქმით, ხელისუფლება მაინც მუშაობს მიწისქვეშა პარკინგების მოწყობის საკითხზე, მაგრამ თბილისში პრობლემას გადაწყვეტს არა ეს მიმართულება, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება.
„სხვა შემთხვევაში პარკირების ადგილების შექმნა და გზების გაფართოება „საცობების“ პრობლემას ვერასდროს გადაჭრის“, – აღნიშნა მან.
საქართველოს პარლამენტი ამჟამად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე პარკირების წესების დარღვევისთვის სასჯელის გამკაცრების საკითხს განიხილავს.
კანონპროექტის თანახმად, ამკრძალავი ნიშნების – „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ იგნორირებისთვის ჯარიმა თბილისში ხუთჯერ მეტი იქნება, ვიდრე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – 10 ლარის ნაცვლად 50 ლარი.
საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება: სრული ჩამონათვალი>>>
ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში მოძრაობისთვის ჯარიმა კვლავ 100 ლარი იქნება, თუმცა, სიახლის თანახმად, დაჯარიმებას არ დაექვემდებარებიან მუნიციპალური ტაქსები და ის ტრანსპორტი, რომლებსაც მერიისგან ნებართვა აქვთ მიღებული.
გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, მუნიციპალიტეტს უფლება ექნება მანქანა საჯარიმო სადგომზე გადაიყვანოს, თუ მისი მფლობელი ადგილზე არ არის, მანქანა კი დგას ადგილზე, სადაც აკრძალულია გაჩერება, აფერხებს ან შეიძლება შეაფერხოს მოძრაობა, ქმნის ან შეიძლება შექმნას საავარიო სიტუაცია ან „საცობი“.
ამ შემთხვევაში ავტომობილის მფლობელმა, ჯარიმის გარდა, მუნიციპალიტეტს ავტომობილის ევაკუაციისა და საჯარიმო სადგომზე დგომის ღირებულება უნდა გადაუხადოს.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ჯარიმის 10-დან 50 ლარამდე გაზრდას თბილისში პარკინგის ღირებულების გადაუხდელობისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0