საქართველო ტურიზმიდან შემოსავალს მიგრანტების ხარჯზე აღადგენს - ანალიტიკოსების პროგნოზი

© photo: Sputnik / Stringerტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2022
გამოწერა
მიგრანტების შემოდინების ეფექტი ყველაზე შესამჩნევი უძრავი ქონების ბაზარზეა – თბილისში იჯარის ფასები მკვეთრად გაიზარდა.
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანალიტიკოსები ტურიზმიდან შემოსავლის ზრდას, 2019 წელთან შედარებით, 75-85%-მდე ელოდებიან, ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, საბაზო სცენარი ითვალისწინებს 2022 წელს ტურიზმიდან შემოსავლის 75%-მდე აღდგენას.

„თუმცა, მიგრანტების ეფექტის გათვალისწინებით, შემოსავლების 85%-მდე აღდგენის ალბათობაც არსებობს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ტურიზმიდან შემოსავლის ოდენობაზე, რომელმაც აპრილში 188,6 მლნ დოლარი შეადგინა (2019 წლის ანალოგიური პერიოდის 70,1%), იმოქმედა რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან მიგრანტების შემოდინებამ, რომლებიც საქართველოში 24 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ.
„ჩვენი შეფასებით, რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან დაახლოებით 80.000-120.000 ვიზიტორი საქართველოში უფრო ხანგრძლივი ვადით ჩამოვიდა, ვიდრე ჩვეულებრივი ტურისტები“, – აღნიშნულია ანგარიშში.
საქართველომ ოთხ თვეში ტურიზმზე ნახევარი მილიარდი დოლარი გამოიმუშავა>>>
ანალიტიკოსების განცხადებით, მიგრანტების გამო ორი სტატისტიკური მონაცემი – შემოსავალი და ვიზიტორთა რაოდენობა ამჟამად ერთსა და იმავე ტენდენციას არ ასახავს.
ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ მიგრანტების ნაკადი უძრავი ქონების ბაზარზე აისახა.

„მიგრანტების შემოდინების ეფექტი ყველაზე შესამჩნევი უძრავი ქონების ბაზარზეა – თბილისში იჯარის ფასი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 71,6%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 21,7%-ით გაიზარდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბინები იჯარით უფრო გრძელვადიანად გაიცემა, ვიდრე მოკლე პერიოდით.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2022 წლის იანვარი–აპრილში საქართველოში განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 272,3%-ით გაიზარდა.
საქართველომ ოთხ თვეში 820,8 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, რაც პანდემიამდელი, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 63,8%-ით ნაკლებია.
ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. საქართველოს რეკორდული წარმატების შემდეგ 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2020 წელს ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.
2021 წელს ქვეყანამ ტურიზმიდან 1,2 მილიარდი დოლარი მიიღო. 2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.
ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში კორონავირუსის პანდემიამდე დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენდა, ამიტომ მისი აღდგენა ქვეყანაში საქმიანი აქტიურობის აღსადგენად ძალზე მნიშვნელოვანია.
ყველა ახალი ამბავი
0