საქართველომ ოთხ თვეში ტურიზმზე ნახევარი მილიარდი დოლარი გამოიმუშავა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია - ტურისტები ქუჩაში ნიღბებით
კორონავირუსის ეპიდემია - ტურისტები ქუჩაში ნიღბებით - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2022
გამოწერა
2022 წლის დასაწყისიდან ყველაზე დიდი თანხა რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს - 104,2 მილიონი დოლარი
თბილისი, 21 მაისი – Sputnik. 2022 წლის ოთხი თვეში საქართველოს მიერ საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებულმა შემოსავალმა 582,3 მილიონი დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
კორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ტურიზმის ინდუსტრიას. ტურიზმის აღდგენა უკვე 2021 წლიდან დაიწყო – ქვეყნის საჰაერო საზღვრები 1 თებერვალს გაიხსნა, ხოლო სახმელეთო საზღვრები - 1 ივნისს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემოსავლები გაიზარდა 462,6%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით, როდესაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების პიკი იყო, 31,1%-ით შემცირდა.
2022 წლის აპრილში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 188,6 მილიონი დოლარი, რაც 278%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით და 29,4%-ით ნაკლებია 2019 წლის აპრილთან შედარებით.

ვინ ხარჯავს ფულს

2022 წლის ოთხ თვეში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა - 104,2 მილიონი დოლარი.
ამასთან, აპრილში ყველაზე მეტი დახარჯეს რუსეთის (36,5 მილიონი დოლარი), ბელარუსის (28,1 მილიონი დოლარი) და ისრაელის მოქალაქეებმა (20,9 მილიონი დოლარი).

ვიზიტები საქართველოში

2022 წლის იანვარი–აპრილში საერთაშორისო მოგზაურების რიცხვი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 272,3%-ით გაიზარდა და 820,8 ათასი შეადგინა.
საქართველომ 2022 წლის ოთხ თვეში 2019 წლის მაჩვენებლები 68,9%-ით აღადგინა.
ვიზიტების მთლიანი რაოდენობიდან 188,6 ათასი ტურისტული ვიზიტი იყო, რაც 278,2%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით. 2019 წელთან შედარებით ნაკადი 70,6%-ით აღდგა.
საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი 2022 წლის იანვარ-აპრილში თურქეთის მოქალაქეებმა განახორციელეს.

ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წინა წლებში

2020 წელს საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი მკვეთრად შემცირდა და მხოლოდ 427,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (1,7 მილიონი საერთაშორისო მოგზაური), მაშინ, როცა პანდემიამდელ 2019 წელს საქართველოში ყველა დროის რეკორდი დაფიქსირდა, როდესაც 9,3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური იყო, ხოლო შემოსავალმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2021 წელს ქვეყანამ ტურიზმიდან 1,2 მილიარდი დოლარი მიიღო. 2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.
ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში კორონავირუსის პანდემიამდე დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენდა, ამიტომ მისი აღდგენა ქვეყანაში საქმიანი აქტიურობის აღსადგენად ძალზე მნიშვნელოვანია.
ყველა ახალი ამბავი
0