ღარიბაშვილი: კომპანია „ბორჯომს“ არავითარი პრობლემა არ ექნება

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2022
გამოწერა
კომპანიის ყველა თანამშრომელი მშვიდად უნდა იყოს და მათი პრობლემები გადაწყდება, ირწმუნება ღარიბაშვილი
თბილისი, 21 მაისი – Sputnik. მინერალური წყალი „ბორჯომი“ იარსებებს და კომპანიას არანაირი პრობლემა არ შეექმნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კომპანიამ IDS Borjomi Georgia 19 მაისს მაკონტროლებელი კომპანია DS Borjomi International-ის სახელით გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ კომპანია მზადაა თავისი წილის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს მთავრობას. მთავრობა თავის გადაწყვეტილებას უახლოეს სხდომაზე გამოაცხადებს.
„კომპანია „ბორჯომს“ ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება და ჩვენი საამაყო ბრენდი გააგრძელებს მუშაობას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კომპანიის ყველა თანამშრომელი მშვიდად უნდა იყოს და მათი პრობლემები გადაწყდება.
„კომპანია „ბორჯომის“ საკითხზე ჩვენ დაპირებისამებრ ვიმუშავეთ აქტიურად, პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდა მმართველ კომპანიასთან, მფლობელებთან, ყველასთან გავიარეთ საკითხი. იცით, რომ არის შემოთავაზება სახელმწიფოს, მთავრობას, ჩვენ ქვეყანას ჩუქნიან წილს, რომელიც შეიძლება დაახლოებით 100 მილიონი დოლარის იყოს. ამიტომ მე უკვე დავავალე ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროს, დასკვნა მექნება რამდენიმე დღეში და მომდევნო მთავრობის სხდომაზე ამას დავამტკიცებთ“, - განმარტა პრემიერმა.
აპრილის ბოლოს კომპანიამ IDS Borjomi უკრაინაში შექმნილი სიტუაციით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. მუშებს ახალი პირობები შესთავაზეს, რასაც მათი ნაწილი არ დაეთანხმა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შედეგად 49 ადამიანი გაათავისუფლეს. შეხვედრა ხელმძღვანელობასთან დღემდე არ გამართულა.
2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.
საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში.
ამჟამად IDS Borjomi International-ში შედიან: IDS Borjomi Georgia (საქართველო), IDS Group Ukraine (უკრაინა), IDS Borjomi Russia (რუსეთი), IDS Borjomi Azerbaijan (აზერბაიჯანი), IDS Borjomi Belarus (ბელარუსი) და IDS Borjomi Europe (ლიეტუვა).
კომპანია აწარმოებს ისეთ მინერალურ წყლებს, როგორიცაა „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ედელვაისი", „მორშინსკაია", „მირგოროდსკაია", „ტრუსკავეცკაია აკვა-ეკო“, „ტრუსკავეცკაია კრისტალნაია“, „წმინდა წყარო“ (Святой источник) და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0