სააკაშვილის სასამართლო გადაიდო

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის სასამართლო. მხარდამჭერთა აქცია
სააკაშვილის სასამართლო. მხარდამჭერთა აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2022
გამოწერა
ექს-პრეზიდენტი სასამართლოს სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო.
თბილისი, 20 მაისი – Sputnik. 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე სასამართლო პროცესი, რომელზეც ბრალდებული არიან ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მმართველობის პერიოდის სხვა მაღალჩინოსნები, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისისთვის გადაიტანეს.
ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 12 მაისს გადაიყვანეს სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“, რომელიც პენიტენციურ სისტემას ემსახურება.
პროცესზე ადვოკატებმა წარადგინეს ცნობა კლინიკა „ვივამედიდან“, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექს-პრეზიდენტს სასამართლოში გამოცხადება არ შეუძლია.
გარდა ამისა, სხდომაზე წარმოდგენილი იყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ შედგენილი ოქმი, სადაც სააკაშვილი ითხოვს, რომ სხდომა მის გარეშე არ ჩატარდეს. მას პროცესში დისტანციური მონაწილეობა შესთავაზეს, თუმცა, ოქმის მიხედვით, ექს-პრეზიდენტმა ამაზე უარი განაცხადა.
ამასთან, სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა დაუსწრებლად ძალაში დატოვა ამ საქმის ორი სხვა ფიგურანტის – ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მიმართ. ადეიშვილი და კეზერაშვილი ძებნაში არიან გამოცხადებული.
„ექიმებზე წნეხი მიუღებელია" - დეპუტატები სააკაშვილის მკურნალობის პროცესზე>>
სახელმწიფო ბრალდება საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
ამ საქმეზე საქართველოს ექს-პრეზიდენტს ბრალი სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული მუხლი ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ვერსიით, 2007 წლის 7 ნოემბერს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ბრძანების საფუძველზე რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეთა დარბევა და არალეტალური იარაღის გამოყენება მოხდა.
გარდა ამისა, გამოძიების ვერსიით, სააკაშვილის ბრძანებით ჩინოვნიკებმა ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს წაართვეს ტელეკომპანია „იმედი“ და სხვა ქონება, მათ შორის, მთაწმინდის პარკი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0