„ექიმებზე წნეხი მიუღებელია" - დეპუტატები სააკაშვილის მკურნალობის პროცესზე

© photo: Sputnik / Stringerდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2022
გამოწერა
ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც მან 2021 წლის 1 ოქტომბერს დაპატიმრებისთანავე გამოაცხადა.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ქართველმა პოლიტიკოსებმა თავი უნდა შეიკავონ იმ ექიმებზე წნეხისგან, რომლებიც მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ.
მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 12 მაისს გადაიყვანეს სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“, რომელიც პენიტენციურ სისტემას ემსახურება. მანამდე ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს არ უტარდება სათანადო მკურნალობა და რომ იგი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა. ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ გაგზავნა სამკურნალოდ.

„ასეთი პოლიტიკური წნეხი ექიმების გადაწყვეტილებაზე ძალზე დამაზიანებელია. ოჯახის პოზიცია გასაგებია, თუმცა კარგი იქნება, თუ პოლიტიკოსები რაღაცნაირად იპოვიან საკუთარ თავში ძალას და თუნდაც ორდღიან მორატორიუმს გამოაცხადებენ, რათა ექიმებზე ასეთი წნეხი და ასეთი პირდაპირი მუქარა შეწყდეს. მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ", – განაცხადა სერგეენკომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ექს-პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში ეტაპირების შემდეგაც სააკაშვილის დედა გიული ალასანია შვილის სამკურნალოდ უცხოეთში გაყვანას მოითხოვს. მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა. თუმცა „ვივამედში“ მკურნალობის უკეთესი პირობებია, ვიდრე გორის სამხედრო ჰოსპიტალში იყო.
იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილი თავად ამძიმებს თავის მდგომარეობას, რადგან უარს ამბობს ზოგიერთი მედიკამენტის მიღებაზე.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სააკაშვილის ოჯახი ფაქტობრივად ითხოვს პატიმრის „ჩუქებას“, რომლის გამოჯანმრთელებასაც თითქოს სამშობლოში ყოფნა უშლის ხელს.
„სააკაშვილის ოჯახი და მისი მხარდამჭერები ამბობენ, რომ ამ ადამიანის საქართველოში ყოფნა არის მისთვის დამაზიანებელი. ანუ იგი მენტალურად ვერ იტანს საქართველოში ყოფნას, მით უმეტეს, პატიმრის როლში. სამართალში ასეთი ცნება არ არსებობს, რომ ადამიანი თუ არ არის პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი, მისთვის საქართველოში მკურნალობა მიუღებელია", – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც მან 2021 წლის 1 ოქტომბერს დაპატიმრებისთანავე გამოაცხადა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0