მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა აშშ „კატასტროფული ომის“ რისკის შესახებ გააფრთხილა

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიხავიერ სოლანა
ხავიერ სოლანა - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2022
გამოწერა
ბაიდენი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს, რა შეიძლება მოჰყვეს მის პასიურობას ირანის მიმართ, განაცხადეს სოლანამ და ბილდტმა.
თბილისი, 20 მაისი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სჭირდება ძალების ფოკუსირება ირანთან ბირთვული გარიგების განახლებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთში შეიძლება „ახალი კატასტროფული ომი“ გაჩაღდეს.
ამის შესახებ Washington Post-სთვის მომზადებულ ერთობლივ მასალაში განაცხადეს ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ხავიერ სოლანამ და შვედეთის ექს-პრემიერმა კარლ ბილდტმა.
კერძოდ, პოლიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ აშშ-ის ხელისუფლების მოქმედება, როგორიცაა „ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის“ ტერორისტებად გამოცხადება, ან აშშ-ის სენატის გადაწყვეტილება – ბირთვულ გარიგებაში შეიტანონ საკითხები, რომლებიც ატომურ პროგრამას არ უკავშირდება, თითქმის დანამდვილებით ჩაშლის შეთანხმების აღდგენას. ამასთან, ვაშინგტონის ევროპელი მოკავშირეები, 2015 წლიდან მოყოლებული, მოლაპარაკებების განმავლობაში ყველა ღონეს ხმარობენ პრობლემის დიპლომატიური გზით მოსაგვარებლად.

„ახლა ევროპელები <...> კვლავ ასრულებენ მოლაპარაკების ძალისხმევის ლოკომოტივის როლს იმ იმედით, რომ დაასრულებენ ბირთვულ კრიზისს და თავიდან აიცილებენ ახალ კატასტროფულ ომს ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ გაოცებას იწვევს ის გარემოება, რომ ბაიდენი, რომელმაც არჩევნებზე ბირთვულ გარიგებასთან დაბრუნების შესახებ ისაუბრა და პირობა დადო, რომ „ამერიკა დაბრუნდება“, დღემდე აჭიანურებს დიპლომატიას, რომელსაც ასე მტკიცედ უჭერენ მხარს მისი მოკავშირეები“, – წერენ სოლანა და ბილდტი.

სოლანამ და ბილდტმა შეიარაღებაზე კონტროლის საკითხთან დაკავშირებით საბჭოთა კავშირთან დასავლეთის მოლაპარაკების გამოცდილება გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ეს ნაბიჯი გადადგეს საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების გამო და არა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის მხარდაჭერის ან მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილით.
პოლიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ თეირანთან ბირთვულ გარიგებაზე მოლაპარაკებებში დასავლეთი იმავე ლოგიკას უნდა გაჰყვეს.
„ბაიდენი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს იმაზე, რა შეიძლება მოჰყვეს მის პასიურობას ირანის მიმართ და გამონახოს წინ მიმავალი გზა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთ დაუპატიჟებელ კონფლიქტში აღმოვჩნდებით“, – განაცხადეს სოლანამ და ბილდტმა.
ტრამპი: რუსეთის ბირთვული რიტორიკა აშშ-სადმი უპატივცემულობას ადასტურებს>>>
2015 წელს დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და ირანმა გააფორმეს ბირთვული შეთანხმება – ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა სანქციების მოხსნას ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. 2018 წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეთანხმებიდან გამოვიდა და აღადგინა სანქციები თეირანის წინააღმდეგ. საპასუხოდ ირანმა განაცხადა, რომ ეტაპობრივად შეამცირებდა შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს და უარი განაცხადა ბირთვულ კვლევებზე, ცენტრიფუგებზე და ურანის გამდიდრების დონეზე დაწესებულ შეზღუდვებზე.
ავსტრიის დედაქალაქში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის აღდგენასა და თეირანის წინააღმდეგ ვაშინგტონის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმებაზე. 2021 წლის 27 დეკემბერს მერვე რაუნდი დაიწყო. ჯერ კიდევ მეშვიდე რაუნდის დროს, დეკემბერში მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას გეგმის ორ პროექტთან დაკავშირებით, რომელშიც ევროპის მხარემ ირანის პოზიციები გაითვალისწინა.
თეირანის წარმომადგენლის ბაგერი კიანის ინფორმაციით, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს, მაგრამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა ვენაში მიღწეული პროგრესი შეაფასა, როგორც „მოკრძალებული“ და ისლამურ რესპუბლიკას მოუწოდა, საკითხს უფრო სერიოზულად მოჰკიდებოდნენ. მხარეთა თავიანთ ქვეყნებში დაბრუნების შემდეგ, მარტის მიწურულს მოლაპარაკებები შეჩერდა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამაში აშშ-ის ადმინისტრაციას ადანაშაულებს.
ყველა ახალი ამბავი
0