„აწარმოე საქართველოში“ მსოფლიოში საუკეთესო სააგენტოდ აღიარეს

© photo: Sputnik / Stringer"აწარმოე საქართველოში" - ლოგოტიპი
აწარმოე საქართველოში - ლოგოტიპი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2022
გამოწერა
პრემია WTPO Awards ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და მასში 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) კონკურსის WTPO Awards 2020-ის ფარგლებში სააგენტო „აწარმოე საქართველოში" ექსპორტის სტიმულირებისა და მხარდაჭერის კუთხით საუკეთესო სააგენტოდ დასახელდა.
დაჯილდოების ცერემონია, რომელიც თავის დროზე კოვიდ-პანდემიის გამო გადაიდო და წელს ჩატარდა, განაში გაიმართა, სადაც სააგენტოს დირექტორს მიხეილ ხიდურელს ჯილდო ITC-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პამელა კოუკ ჰამილტონმა პირადად გადასცა.

„ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო პროგრამები. საქართველოს სახელი კი კვლავ გაჟღერდა მსოფლიო მასშტაბით, როგორც ქვეყნის, სადაც ადგილობრივი ბიზნესი, მათ შორის მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, წარმატებით ვითარდება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამების წყალობით“, – განაცხადა ხიდურელმა დაჯილდოების შემდეგ.

სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსის გამარჯვებულებს მაღალი რანგის ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური ავლენს.
ფინალში გამოვლინდნენ ორგანიზაციები, რომლებიც ახალისებენ ექსპორტის განვითარების ინოვაციურ და ეფექტურ ინიციატივებს. ორგანიზაციებმა უნდა აჩვენონ, რომ ისინი ეხმარებიან მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს (MSMEs) – გახდნენ კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე.
ხიდურელის განცხადებით, სააგენტო აქტიურად ეხმარება ადგილობრივ მეწარმეებს ექსპორტის მიმართულებით და წლიდან წლამდე აფართოვებს მათი ხელშემწყობი პროგრამების არეალს.
გაიხსნება თუ არა საქართველოში ელექტრომობილების ქარხანა? ახალი წარმოების პერსპექტივები>>>
მისი თქმით, ცოტა ხნის წინ სააგენტომ დაიწყო ექსპორტის სტიმულირების მასშტაბური პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს ბაზრების დივერსიფიცირებას, ახალ ბაზრებზე შესვლას და ქართული პროდუქტის საერთაშორისო ქსელებში მოხვედრას.
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე სახელწოდების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის ბიზნეს-სექტორისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული ყველა სახელმწიფო პროგრამა.
ყველა ახალი ამბავი
0