„მე სამშობლოში დავბრუნდი“: ლევან მამალაძე საქართველოშია

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2022
გამოწერა
ლევან მამალაძემ საქართველო პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დატოვა.
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ინტერპოლის „წითელი ცირკულარით“ ძებნილი ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე საქართველოში დაბრუნდა.
ედუარდ შევარდნაძის დროინდელმა მაღალჩინოსანმა სამშობლოში დაბრუნება მას შემდეგ შეძლო, რაც იგი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „ამნისტიის კანონის" შესაბამისად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდა.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირველი კომენტარი მამალაძემ ტელეკომპანია „TV პირველთან" გააკეთა.

„მე სამშობლოში დავბრუნდი. 19 წელია ეს გადაწყვეტილი მქონდა, მაგრამ ვერ ვბრუნდებოდი. ამნისტიის გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა მიიღო, „ქართულ ოცნებას" არ მიუღია... პოლიტიკაში შესვლას არ ვაპირებ. მე ვიყავი პოლიტიკაში, მეკავა მაღალი თანამდებობებიც და მქონდა შესაბამისი გავლენებიც. პოლიტიკაში ყოფნა ეს არის ხელისუფლებისთვის ბრძოლა, მე კი არ ვაპირებ ხელისუფლებისთვის ბრძოლას“, – განაცხადა მამალაძემ.

ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა საქართველო პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დატოვა. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ექს-გუბერნატორს ბრალად დასდო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვა და 2006 წელს მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მანამდე, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ლევან მამალაძე, რომელიც პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გუნდში იყო, ქვემო ქართლში არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს. ოპოზიციამ არჩევნები არ ცნო, რასაც „ვარდების რევოლუცია“ მოჰყვა.
საქართველოში ედუარდ შევარდნაძის დროინდელ ჩინოვნიკებს ამნისტია შეეხება?>>>
„ამნისტიის შესახებ“ კანონი საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 12 აპრილს მიიღო. ის ითვალისწინებს იმ მსჯავრდებულთათვის სასჯელის ვადის შემცირებას, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის დროს პაემნების უფლება ჩამოერთვათ. ამნისტია შეეხო ასევე მსჯავრდებულებს 2004 წლის 1 იანვრამდე ჩადენილი დანაშაულებისთვის. თუმცა ეს არ ეხება უვადო პატიმრობამისჯილ პირებს, ასევე მკვლელობისთვის, არაადამიანური მოპყრობისთვის, ტერორიზმისთვის, თანამდებობრივი და სექსუალური დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს.
კანონპროექტის განხილვისას ოპოზიციური პარტიების ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა. მათი განცხადებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ გეგმავს სისხლის სამართლის პასუხისგებისგან გაათავისუფლოს საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკები. ოპოზიციაში განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია ამნისტირებულთა სიაში აჭარის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძისა და სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის შესაძლო მოხვედრამ.
როგორც მაშინ კანონპროექტის ავტორმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ამნისტია არ შეეხება არც ასლან აბაშიძეს და არც იგორ გიორგაძეს, თუმცა იგი შეეხება 2004 წლამდე ჩადენილ ეკონომიკურ დანაშაულებს და დაახლოებით 300 ადამიანის მიმართ ძებნა შეწყდება. დეპუტატმა არ გამორიცხა, რომ ამნისტია შეიძლება შეეხოს შევარდნაძის მმართველობის პერიოდის სხვა გავლენიან ჩინოვნიკებს, მაგალითად, ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს ლევან მამალაძეს.
ყველა ახალი ამბავი
0