1 იანვრიდან საპენსიო სესხის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს

© photo: Sputnik"ლიბერთი ბანკი"
ლიბერთი ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2022
გამოწერა
საპენსიო სესხის პროცენტის შემცირება 2023 წლის იანვრამდე აღებულ სესხებზე არ გავრცელდება.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. 2023 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პენსიონერები სესხს შეღავათიანი პროცენტით აიღებენ, განაცხადეს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
2021 წლის ბოლოს ბანკში აღებული კრედიტი თითქმის 394 ათას პენსიონერსა და სოციალურად დაუცველს ჰქონდა. „ლიბერთი ბანკმა“ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველ პირებზე მთლიანობაში 367,5 მლნ ლარის ოდენობის სესხი გასცა 35,4%-იანი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით. სესხის ქვეშ იგულისხმება პენსია ან სოციალური დახმარება, რომელიც რამდენიმე თვით ადრეა გატანილი.
ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო ოპოზიცია მუდმივად აკრიტიკებდა ხელისუფლებას, რომელსაც ბრალს სდებდა უმოქმედობაში საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის კუთხით.

„1 იანვრიდან პენსიონერებს „ლიბერთი ბანკი" უფრო გაუმჯობესებული პირობებით მოემსახურება. უფასო იქნება თანხის შეტანა-გამოტანა, კომუნალური მომსახურების გადახდა და, რაც მთავარია, საპენსიო სესხებზე ზედა ზღვარი, რაც აქამდე 35%-ზე ზემოთ იყო, ახალი პირობებით მაქსიმუმ 26%-მდე იქნება“, – განაცხადა ზარქუამ.

მისი თქმით, „ლიბერთი ბანკთან“ ხელშეკრულება 7 წლის ვადით გაფორმდება. ამ პერიოდში ხელისუფლება პენსიების დარიგებაში თანხას გადაიხდის, ხოლო მოქნილი პირობები შენარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ საპენსიო სესხის პროცენტის შემცირება 2023 წლის იანვრამდე აღებულ სესხებზე არ გავრცელდება.
პროექტის ერთ-ერთი თანაავტორის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ეს იყო მეორე შემთხვევა საარჩევნო რეფორმის შემდეგ, როდესაც ოპოზიციასა და მმართველ გუნდს „საერთო ძალისხმევით რაღაც გამოუვიდათ“.
„საერთო ძალისხმევით შევძელით, რომ ბანკი მაღალი საპროცენტო განაკვეთებით აღარ გაძარცვავს პენსიონერებს. მაქსიმალური ზღვარი იქნება 26%, რაც სატენდერო პირობაში იყო ჩადებული. აღნიშნული ცვლილება შეეხება მომავალი წლის 1 იანვრიდან აღებულ სესხებს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
პენსიონერებისთვის გაცემული სესხები რეფინანსირების განაკვეთზე იქნება მიბმული>>>
2021 წლის ზაფხულიდან საქართველოს მთავრობა აქტიურად განიხილავს პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურების განაკვეთის დაწევის გზებს.
რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს, ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილსა და ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს უწყებათშორისი კომისიის შექმნა და აღნიშნული საკითხის დარეგულირება დაავალა.
საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ პენსიების მომსახურების თაობაზე გამოცხადებულ ტენდერში „ლიბერთი ბანკმა“ გაიმარჯვა.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტი პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების საკითხში „ლიბერთი ბანკია" (Liberty Bank). ბანკთან ხელშეკრულება 2014 წელს გაფორმდა. მისი ვადა 2019 წელს ამოიწურა, მაგრამ შეთანხმება 2022 წლამდე გაგრძელდა.
დღეს საქართველოში დაახლოებით 794,4 ათასი პენსიონერია. ხანდაზმულობის პენსია ენიჭებათ 60 წელს გადაცილებულ ქალებს და 65 წელს გადაცილებულ მამაკაცებს. 70 წლამდე პენსიონერები 260 ლარის ოდენობის პენსიას, 70 წელს გადაცილებული პირები კი 300 ლარს იღებენ. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პენსიონერები პენსიასთან ერთად დანამატს იღებენ.
სახელმწიფო ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2,6 მლნ ლარია გამოყოფილი.
ყველა ახალი ამბავი
0