„ვფიქრობ, რომ სიყვარულით ვსუნთქავ“ - საფრანგეთში მცხოვრები მუსიკის ქართველი მასწავლებელი

© courtesy of Giuli Ergemlidzeგიული ერგემლიძე გაკვეთილზე
გიული ერგემლიძე გაკვეთილზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2022
გამოწერა
გიული ერგემლიძე მრავალი წელია საფრანგეთში ცხოვრობს. გარდა იმისა, რომ ფრანგ ბავშვებს ქართულ სიმღერებს ასწავლის, მღერის ფრანგულ გუნდში „ბორბოლეტა", თამაშობს მოყვარულთა თეატრის სპექტაკლებში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველების ლექსებზე სიმღერებს წერს.
- ქალბატონო გიული, თქვენი ცხოვრების გახსენება ბავშვობიდან დავიწყოთ, რა გახსენდებათ იმ დროიდან?
- რაც თავი მახსოვს, დედა კარგად მღეროდა, მშობლები ადრე დაოჯახდნენ. დედამ ოჯახზე მზრუნველობა არჩია, მაგრამ მუსიკას მაინც ვერ შეელია და სახლში სულ სიმღერ-სიმღერით აკეთებდა ყველაფერს. ბავშვობიდან ყურში ჩამესმოდა მისი ნამღერი ლამაზი მელოდიები. ამბობენ, რომ გაუჩერებლად, როგორც პატარა ბავშვს შეეფერება, ჩემებურად ვყვებოდი მას და "ვჭყლოპინებდი”. მერე, ბაღიდან მოყოლებული, სკოლაშიც გაუჩერებლად ვმღეროდი. დღემდე მადლობელი ვარ ჩემი პედაგოგების, რადგან მეუბნებოდნენ, ნიჭიერი ხარო. მე ვიცოდი, რომ მარტო ნიჭით ვერაფერს მიაღწევ, თუ არ იშრომებ კიდეც. ამიტომ ვაღიარებ, რომ სიზარმაცის გამო ვერ მივაღწიე იმას, რისი გაკეთებაც მინდოდა. საბოლოოდ გავხდი მუსიკის მასწავლებელი და ბედნიერი ვარ, რომ ბევრ მოსწავლეს გავუღვივე მუსიკისადმი სიყვარული, რის გამოც ბავშვებიც და მშობლებიც მემადლიერებიან.
© photo: courtesy of Giuli Ergemlidzeმეგობრებთან ერთად
მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2022
მეგობრებთან ერთად
- თქვენი ფრანგული ცხოვრება როგორ დაიწყო?
- აქ ვცხოვრობ ნორმანდიის მიწაზე, ქალაქ კონში (Caen). ჩემმა შვილებმა ჩამოსვლისთანავე მირჩიეს, ფრანგული ენა სასწრაფოდ მესწავლა. როცა ენის სასწავლებლად მოვხვდი სკოლაში, პირველივე გაკვეთილზე ყურადღება მომაქცია ფრანგულის მასწავლებელმა მარტინ ბონფუამ (Martine Bonfoiy), რომელმაც დიდი დახმარება გამიწია. გამიმართლა იმაშიც, რომ საფრანგეთის ამ ლამაზ ქალაქში კეთილი ადამიანების გარემოცვაში აღმოვჩნდი. თავიდანვე ძალიან დამეხმარა დედა, რომლის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი. ადრე მოხუცებულთა სახლებში ვატარებდი კონცერტებს მასთან ერთად და უმწეო ხალხს სიხარულს ვჩუქნიდი. ამ ფრანგულ ქალაქში არსებობდა მუსიკალური საზოგადოება Les Iren, რომლის პრეზიდენტად ერთი პერიოდი ქართველი მხატვარი ირინა ჯიბლაძე დანიშნეს. იქ ყოველწლიური პროგრამა მზადდებოდა, რომელშიც სხვადასხვა კონცერტები იყო შეტანილი.
© photo: courtesy of Giuli Ergemlidzeფრანგ მოსწავლეებთან ერთად
ფრანგ მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2022
ფრანგ მოსწავლეებთან ერთად
- ქართულ სიმღერებს თუ ასრულებდით ამ კონცერტებზე?
- ასეთ ღონისძებებში შვიდი წლის განმავლობაში ჩემს მასწავლებელთან ერთად ვიღებდი მონაწილეობას. ხშირად გამოვდიოდი ქართული სიმღერით „ციცინათელა“. ისეც მომხდარა, რომ სამი სიმღერის მაგივრად, რასაც პროგრამა ითვალისწინებდა, თორმეტი სიმღერაც კი მიმღერია. დარბაზს ძალიან მოსწონდა ქართული მელოდიები.
© photo: courtesy of Giuli Ergemlidzeგიული ერგემლიძე მუსიკის გაკვეთილზე
გიული ერგემლიძე მუსიკის გაკვეთილზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2022
გიული ერგემლიძე მუსიკის გაკვეთილზე
- ვიცი, რომ ფრანგ და უცხოელ ბავშვებს ქართულ სიმღერებს ასწავლით...
- 18 წელზე მეტია, რაც ვამეცადინებ ფრანგ და სხვადასხვა ეროვნების ბავშვებს, ვისაც სურვილი აქვს დაუკრას და იმღეროს. ფრანგ ბავშვებს პირველად ვასწავლი ადვილად დასამახსოვრებელ ქართულ სიმღერებს, შემდეგ კი „ჩემო ციცინათელას", „სულიკოს“, „სანთელივით დავდნების“, გოგი ცაბაძის „თბილისოს“ და სხვ. სამყაროში ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც სიყვარული არ შეუძლია და, მათგან განსხვავებით, ვფიქრობ, რომ სიყვარულით ვსუნთქავ, რადგან ვახერხებ, რომ აქ, უცხო ქვეყანას ქართულ სიმღერებს და ნიჭიერ ქართველებს ვაცნობ. ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?!.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0