„ქართულ ოცნებაში“ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის შესაძლებლობა გამორიცხეს

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2022
გამოწერა
სააკაშვილის ვერ დაეხმარება ვერ სიმულაცია, ვერც თვითდაზიანება, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვერაფერი ვერ გახდება მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საფუძველი.
სააკაშვილი მესამე დღეა იმყოფება თბილისის კლინიკა „ვივამედში“, რომელიც პენიტენციურ სისტემას ემსახურება.
„ვერც სიმულაცია, თვითდაზიანება და რაიმე ამდაგვარი ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისა და მით უმეტეს, გათავისუფლების, შინაპატიმრობის საფუძველი“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი განცხადებით, ხელისუფლება სააკაშვილის უნდა ეპყრობოდეს ისევე, როგორც სხვა პატიმრებს.
„თქვენ რომ ჩაიხედოთ სასჯელაღსრულების სისტემაში, აღმოაჩენთ ალბათ ასეულობით პატიმარს, რომელსაც ბევრად უარესი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს, მაგრამ არც ერთის შემთხვევაში არ დგას ბუნებრივია საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი, რადგან ეს არის აბსურდი“, - განაცხადა კობახიძემ.
რადგან საქართველოში აკრძალულია დისკრიმინაცია, არავის აქვს უფლება, სააკაშვილს მიუდგეს დისკრიმინაციულად, თუნდაც პოზიტიური კუთხით. პატიმრების მდგომარეობა უნდა იყოს თანასწორი, აღნიშნა მან.
საქართველოს კანონმდებლობით, მსჯავრდებულმა სასჯელი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა მოიხადოს. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის თქმით, არც ამის პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას.
სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში ეტაპირების შემდეგაც ექს-პრეზიდენტის დედა გიული ალასანია დაჟინებით მოითხოვს თავისი შვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას. მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ „ვივამედში“ მკურნალობის უკეთესი პირობებია, ვიდრე გორის სამხედრო ჰოსპიტალში იყო. თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას, რადგანაც უარს აცხადებს მედიკამენტების ნაწილის მიღებაზე.
ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც მან 2021 წლის 1 ოქტომბერს დაპატიმრების შემდეგ გამოაცხადა.
რატომ არ გზავნიან სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ - რატი ბრეგაძის პასუხი >>
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა. დაკავებამდე იგი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0