აბასთუმნის ობსერვატორიას 90 წელი შეუსრულდა

© courtesy of Abastumani Astrophysical Observatoryაბასთუმნის ობსერვატორია
აბასთუმნის ობსერვატორია - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2022
გამოწერა
გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემო მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო საგრანტო კონკურსებში.
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია დაარსებიდან 90 წლის იუბილეს აღნიშნავს.
აბასთუმნის ობსერვატორია იყო პირველი ასტროფიზიკური ობსერვატორია საბჭოთა კავშირში, რომელიც მთაში მდებარეობდა. ის 1932 წელს აკადემიკოს ევგენი ხარაძის ინიციატივით დაარსდა და დღემდე მის სახელს ატარებს.
ობსერვატორიის იუბილეზე გამოსვლისას განათლების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ სამინისტროს მხარდაჭერით ობსერვატორიის ხელშეწყობისა და ასტროფიზიკის დარგის განვითარების მიზნით არაერთი ინფრასტრუქტურული და სამეცნიერო პროექტი ხორციელდება, რაც შენობის რეაბილიტაციასთან ერთად სამეცნიერო-კვლევითი ბაზის განახლებასაც ითვალისწინებს.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ობსერვატორიის როლზე ქართული მეცნიერების განვითარებასა და ასტრონომია–ასტროფიზიკის პოპულარიზაციაში. მისი თქმით, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემო მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო საგრანტო კონკურსებში.

საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ობსერვატორიის განახლებულ სივრცეში სამეცნიერო საქმიანობის ამსახველი პოსტერების გამოფენაც მოეწყო. მეცნიერებმა ასტრონომიულ-ასტროფიზიკურ მოვლენებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს, ხოლო ობსერვატორიის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებმა საზოგადოებას საკუთარი გამოგონებები გააცნეს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებები ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა, რამაც შეხვედრებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერებსაც. საიუბილეო ღონისძიებაში ადგილობრივი თვითმმართველობისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
2019 წლის ოქტომბერში ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იურისდიქციის ქვეშ გადავიდა. მანამდე ობსერვატორია ილიას უნივერსიტეტს ეკუთვნოდა.
2020 წელს დასრულდა თავად ასტროფიზიკური ობსერვატორიის და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის რეაბილიტაცია.
ამ დროისათვის სრულად აღდგენილია დიდი ტელესკოპის AZT-11-ის ნაგებობა, განახლდა საგამოფენო და სამუშაო სივრცეები და ბიბლიოთეკა. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და შენობის აღჭურვის მიზნით სამუშაოები ამ ეტაპზეც გრძელდება. მიმდინარეობს ობსერვატორიის ბაზაზე ახალი თანამედროვე ტელესკოპის განთავსების პროცესი, რომელიც თავისი აღჭურვილობით რეგიონის მასშტაბით საუკეთესო იქნება.
ჯამში ობსერვატორიის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის საქართველოს მთავრობამ 10 მილიონი ლარი გამოყო.
2022 წელს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მასშტაბები გაფართოვდა. კერძოდ, ობსერვატორიას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თბილისის ოფისი შეემატა.
დედაქალაქში არსებულ ოფისში ფუნქციონირებს აბასთუმნის ობსერვატორიის დამაარსებლის, აკადემიკოს ევგენი ხარაძისა და აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძის სახელობის კაბინეტები, სადაც ახალგაზრდებს, აკადემიკოსების სამეცნიერო მემკვიდრეობის გაცნობასთან ერთად, სამეცნიერო-კვლევით სემინარებსა და შეხვედრებში მონაწილეობის შესაძლებლობაც აქვთ.
წყარო - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0