ყოველ მეოთხე პენსიონერს ან სოციალურად დაუცველს საქართველოში ბანკის ვალი აქვს

© photo: SputnikLiberty bank-ის მომსახურების პუნქტი
Liberty bank-ის მომსახურების პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2022
გამოწერა
„ლიბერთი ბანკს“ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებზე 341,7 მლნ ლარის კრედიტი აქვს გაცემული. ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 35,4%.
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბოლოს არსებული მონაცემებით, „ლიბერთი ბანკში“ (Liberty Bank) კრედიტი თითქმის 370 ათას პენსიონერსა და სოციალურად დაუცველს ჰქონდა, ნათქვამია ბანკის ანგარიშში, რომელიც ქვეყანაში პენსიებსა და სოციალურ დახმარებას გასცემს.
პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველების კრედიტების საკითხი აქტუალური გახდა მთავრობის გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც გადაწყვიტა დაადგინოს კრედიტზე განაკვეთის ზედა ზღვარი პენსიონერებისთვის და გამოაცხადოს კონკურსი ბანკებისთვის იმ ბანკის შესარჩევად, რომელიც პენსიებს დაარიგებს.
2022 წლის პირველი კვარტლის ბოლოს არსებული მონაცემებით, „ლიბერთი ბანკის“ მიერ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებზე გაცემული კრედიტების რაოდენობამ ჯამში 341,7 მლნ ლარი შეადგინა. ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 35,4%.
ახალი წესები
საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი იმ ბანკის გამოსავლენად, რომელიც 2023 წლის 1 იანვრიდან 2029 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მოქალაქეებისთვის პენსიებსა და სოციალურ დახმარებებს გასცემს. ბანკების განაცხადების მიღება 11 მაისს იწყება და 16 მაისამდე გაგრძელდება.
ბანკების შერჩევა ორი ძირითადი კრიტერიუმით მოხდება. პირველი ეხება პენსიებისა და სოციალური დახმარებების დარიგების ღირებულებას, მეორე – პენსიონერებისა და სახელმწიფოსგან დახმარების მიმღებთა კრედიტების საპროცენტო განაკვეთს.
პენსიები საქართველოში ახალი წესით გაიცემა - სახელმწიფო ახალ ბანკს ეძებს>>
რაც შეეხება კრედიტებს, სახელმწიფომ სატენდერო წინადადებაში ჩადო პირობა, რომ ბენეფიციარებისთვის სესხის გაცემა (დაკრედიტება) ბანკმა უნდა უზრუნველყოს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს სესხის ვადის ბოლომდე.
„წლიური ნომინალური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს გაცემის მომენტში 6 თვიანი ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის ინდექსისა (TIBR6M) და 15 პროცენტული პუნქტის ჯამურ ოდენობას და არ უნდა იცვლებოდეს სესხის ვადის ბოლომდე“, – წერია სატენდერო მოთხოვნაში.
ამჟამად ბანკთაშორისი საკრედიტო განაკვეთის ინდექსი 10,6%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის ბანკის მიერ შეთავაზებული კრედიტის საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს10,6+15=25,6%-ს. სატენდერო კომისიის მიერ ბანკის შეფასების დროს ამ კრიტერიუმის „წონა“ 70% იქნება.
კომისია 30%-იანი „წონით“ განიხილავს მეორე კრიტერიუმს – პენსიების დარიგების ღირებულებას. ამჟამად მოქმედი პირობებით, სახელმწიფო აქამდე პენსიების დარიგებაში ფულს არ იხდიდა, ტენდერის დასრულების შემდეგ კი ამ სერვისის თანხას ბანკს აუნაზღაურებს. შესაბამისად, კომისია გაითვალისწინებს იმ ბანკის წინადადებას, რომელიც უფრო იაფად მიაწვდის სახელმწიფოს ამ სერვისს.
ვინ მიიღებს მონაწილეობას
წინასწარი მონაცემებით, კონკურსში მონაწილეობის მიღებას აპირებს ორი ბანკი – „ლიბერთი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“.
Liberty Bank – ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკია 2 მილიარდ ლარზე მეტი მთლიანი აქტივებით და 200 მილიონი ლარის მქონე კაპიტალით. ბანკს გააჩნია ყველაზე მსხვილი საფილიალო ქსელი, რომელიც 360 განყოფილებას და 570 ბანკომატს მოიცავს. ამჟამად ის არის საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტი პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების კუთხით. ბანკში მუშაობს 4.600-ზე მეტი თანამშრომელი, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება.
„საპენსიო სესხი“ გაიაფდება: პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს>>
„საქართველოს ბანკი“ – უმსხვილესი ბანკია ქვეყანაში, დაახლოებით 21,8 მილიარდი ლარის ჯამური აქტივებით და 43,3 მილიონი ლარის კაპიტალით. ბანკის ფილიალების ქსელი მოიცავს 200-ზე მეტ ფილიალს და 972 ბანკომატს. „საქართველოს ბანკი“ 2,5 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება.
საქართველოში სოციალურ შემწეობებს და პენსიებს იღებს 971,7 ათასი ადამიანი, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 26,6%-ია.
ყველა ახალი ამბავი
0