რიკოთის უღელტეხილზე გზის ზოგიერთი მონაკვეთი ექსპლუატაციაში წლის ბოლოს შევა

© photo: Sputnik / Stringerმშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე
მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2022
გამოწერა
ამჟამად რიკოთზე გადაადგილების საშუალო სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი სიჩქარე გაორმაგდება.
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე, რომელიც აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის ნაწილია, 88 ხიდსა და 51 გვირაბზე პარალელური და ინტენსიური სამუშაოები გრძელდება, ნათქვამია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
რიკოთის უბანზე საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში სულ აშენდება 51,6 კმ-მდე სიგრძის ოთხზოლიანი მაგისტრალი, რომელიც გააერთიანებს 97 ხიდსა და 51 გვირაბს.
„51 გვირაბიდან გაჭრილია 16 გვირაბი“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობა პირველ ორკილომეტრიან ორზოლიან ხევი–უბისას მონაკვეთზე 2021 წლის სექტემბერში გაიხსნა. ეს მონაკვეთი ექვს ხიდსა და სამ გვირაბს მოიცავს.

მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე ოთხ უბნად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევი – 11,6 კმ, ხევი-უბისა – 12,2 კმ, უბისა-შორაპანი – 13 კმ და შორაპანი-არგვეთა – 14,7 კმ.
ამ დროისათვის რიკოთზე გადაადგილების საშუალო სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი სიჩქარე გაორმაგდება. სამშენებლო სამუშაოებზე 4 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული, აქედან 68% საქართველოს მოქალაქეა.
ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა სტანდარტის შესაბამისი იქნება.
რიკოთის გზის მშენებლობაში დიდი პროგრესი შეიმჩნევა - მინისტრის შეფასება>>
რიკოთის გზის დასრულება ეტაპობრივად 2024 წელს იგეგმება. პროექტის ღირებულებაა 2,6 მლრდ ლარი. ცალკეული მონაკვეთების ექსპლუატაციაში შესვლა მიმდინარე წლის ბოლოსაა დაგეგმილი.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0