საქართველოში სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშნების შენახვის წესი შეიძლება შეიცვალოს

© photo: Sputnik / Stringer"პიკის საათი" თბილისში
პიკის საათი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2022
გამოწერა
ცვლილების თანახმად, მომხმარებელი შენახული სანომრე ნიშნის აღებას მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში შეძლებს.
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშნების შენახვა შესაძლებელი გახდება ვირტუალურად ერთი წლის მანძილზე.
შესაბამისი კანონპროექტის ინიციატორები მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატები არიან. დღეისათვის ფასიანი ნომრების შენახვა შესაძლებელია შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე შვიდი თვის მანძილზე.

„პირველი არხის“ ინფორმაციით, კანონპროექტი ითვალისწინებს სანომრე ნიშნების ვირტუალურ შენახვას, რაც გაცილებით ხელსაყრელი იქნება როგორც მოქალაქეებისთვის, ისე სააგენტოს თანამშრომლებისთვის.

კანონპროექტის ავტორების თქმით, მოქმედი მოდელი ითვალისწინებს ფასიანი ნომრების ე.წ. ფიზიკურ შენახვას, რაც მომსახურების სააგენტოს მიერ სათანადო ფართის გამოყოფას მოითხოვს და რაც მომხმარებლისთვის გარკვეულ დაბრკოლებას ქმნის.
შენახული ნომრის აღება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს მხოლოდ იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფში, სადაც გაიცა ნომერი. დეპუტატების თქმით, ნომრების მოძიება დროში იწელება, შენახული ნომერი კი ხშირად ზიანდება.
კანონმდებლების ვარაუდით, ცვლილებების შედეგად მომხმარებელი შეძლებს სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში უმოკლეს პერიოდში აღადგინოს და დაიბრუნოს თავისი სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშანი.
კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული მომსახურების საფასური მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში 35 ლარი იქნება, ხოლო მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის შემთხვევაში – 25 ლარი.
შესაბამისი ცვლილებების ინიცირება 10 მაისს ჩანიშნულ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდება.
ყველა ახალი ამბავი
0