პრემიერ-მინისტრმა 100 წლის ომის ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი ომის ვეტერანს ეწვია
ირაკლი ღარიბაშვილი ომის ვეტერანს ეწვია - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2022
გამოწერა
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი წავიდა, აქედან უკან თითქმის ნახევარი ვერ დაბრუნდა.
თბილისი, 9 მაისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, 100 წლის იოსებ ტუხაშვილს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
მთავრობის მეთაური ტუხაშვილს სახლში ეწვია, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით საჩუქრები გადასცა და ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვა.
თავის მხრივ, ომის ვეტერანმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვეტერანების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან არსებული ყურადღება ძალიან დასაფასებელია.
„მე დიდი სიხარულით მოვესწარი ომის დამთავრებას. მაშინ სევასტოპოლში ვიყავი. ყველამ გავიხარეთ, რადგანაც ომის დასრულება ჩვენს სამშობლოში, მშვიდობიან ქვეყანაში დაბრუნებას ნიშნავდა“, - განაცხადა ტუხაშვილმა.
დღეს დილით პრემიერმა ღარიბაშვილმა, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში მელიტონ ქანთარიას ბიუსტი გვირგვინით შეამკო. მისი თქმით, ამ ომში გამარჯვებაში ქართველების როლი დიდია.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, საქართველოდან ფრონტზე დაახლოებით 700 ათასი მებრძოლი წავიდა, მათგან შინ მხოლოდ 300 ათასი დაბრუნდა. ათობით ათასი პირი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.
მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.
დღეისთვის საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 172 ვეტერანი ცხოვრობს, მათგან 131 – თბილისში.
ყველა ახალი ამბავი
0