დაკავებები ბათუმში: შსს ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnikდაკავებები ბათუმში
დაკავებები ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2022
გამოწერა
დაკავებულთაგან ორი პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, ხოლო დანარჩენები დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი.
თბილისი, 7 მაისი – Sputnik. გვიან ღამით ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციის 25 მონაწილე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 22 დაკავებულის შესახებ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აჭარის მთავრობის სახლთან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ტერიტორიაზე კარვები გაშალეს და განაცხადეს, რომ იქ დარჩებოდნენ მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ არ გადაიყვანდნენ.
უწყების ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ გაშალეს კარვები და გამოიწვიეს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირება.
მოგვიანებით, როცა აქციის მონაწილეთა რაოდენობა შემცირდა, სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან კარვები აიღეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
„პოლიციის მხრიდან არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას გაეთავისუფლებინათ გზა, განაგრძეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
შსს-ს ცნობით, დაკავებულთაგან ორი პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, ხოლო სხვა დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი.
სამართალდამცველებმა მომიტინგეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე („სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა“) და 166-ე („წვრილმანი ხულიგნობა“) მუხლების საფუძველზე დააკავეს.
საქართველოში ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქციების სეზონი გახსნა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისსა და ბათუმში უწყვეტი აქციები დააანონსა.
ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას არ მკურნალობენ სათანადოდ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.
თავდაპირველად „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები პარტიის ოფისთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი ავტოკოლონა რუსთავის ციხისკენ გაემართა.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შედეგად გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე გამოაცხადა. თავად სააკაშვილი, მისი ახლობლები, ადვოკატები და პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ.
მისმა ოჯახმა საპროტესტო აქციები წამოიწყო სააკაშვილის მკურნალობის მიზნით შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით.
ყველა ახალი ამბავი
0