საქართველოში ყოველ მეოთხე პენსიონერს ან სოციალურად დაუცველ პირს ბანკის სესხი აქვს

© Sputnik / STRINGER Liberty Bank
 Liberty Bank - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2022
გამოწერა
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ბოლო მონაცემებით, 2022 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის დაახლოებით 370 ათას პენსიონერსა და სოციალურად დაუცველ პირს ჰქონდა ბანკში სესხი, ნათქვამია Liberty Bank-ის ანგარიშში.
Liberty Bank-ი საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტია პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების საკითხში.
პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველ პირთა სესხების საკითხი აქტუალური გახდა მთავრობის გადაწყვეტილების ფონზე – დაწესდეს კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ზღვარი პენსიონერებისთვის და ამ პირობებით გამოცხადდეს ახალი კონკურსი პენსიების გამცემი ბანკის გამოსავლენად.
2022 წლის პირველი კვარტლის ბოლოს არსებული მონაცემებით, Liberty Bank-ს პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის 341,7 მილიონი ლარის ოდენობის კრედიტი აქვს გაცემული 35,4%-იანი ე.წ. ეფექტური საპროცენტო განაკვეთით. კრედიტში იგულისხმება რამდენიმე თვით ადრე, წინასწარ გატანილი პენსია ან სოციალური დახმარება.
ახალი წესები
საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი იმ ბანკის გამოსავლენად, რომელიც 2023 წლის 1 იანვრიდან 2029 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მოქალაქეებისთვის პენსიებსა და სოციალურ დახმარებებს გასცემს. ბანკებისგან განაცხადების მიღება 11 მაისიდან დაიწყება და 16 მაისამდე გაგრძელდება.
ბანკის შერჩევა ორი ძირითადი კრიტერიუმით მოხდება. პირველი ეხება პენსიებისა და სოციალური დახმარებების დარიგების ღირებულებას, მეორე – პენსიონერებისა და სახელმწიფოსგან დახმარების მიმღებთა კრედიტების საპროცენტო განაკვეთს.
პენსიები საქართველოში ახალი წესით გაიცემა - სახელმწიფო ახალ ბანკს ეძებს>>>
ტენდერის ერთ-ერთი მთავარი პირობა მდგომარეობს იმაში, რომ ამ კატეგორიის მოქალაქეებისთვის წლიური ნომინალური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს გაცემის მომენტში 6-თვიანი ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის ინდექსისა (TIBR6M) და 15 პროცენტული პუნქტის ჯამურ ოდენობას და არ უნდა შეიცვალოს სესხის ვადის ბოლომდე.
ამჟამად ბანკთაშორისი საკრედიტო განაკვეთის ინდექსი 10,6%-ს შეადგენს. შესაბამისად, ამ კატეგორიის მოქალაქეებისთვის ამ ეტაპზე წლიური კრედიტის საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 25,6%-ს (10,6+15).
სატენდერო კომისიის მიერ ბანკის შეფასების დროს ამ კრიტერიუმის „წონა“ 70% იქნება. კომისია 30%-იანი „წონით“ განიხილავს მეორე კრიტერიუმს – პენსიების დარიგების ღირებულებას. ამჟამად მოქმედი პირობებით, სახელმწიფო აქამდე პენსიების დარიგებაში ფულს არ იხდიდა, ტენდერის დასრულების შემდეგ კი ამ სერვისის თანხას ბანკს აუნაზღაურებს. შესაბამისად, კომისია გაითვალისწინებს იმ ბანკის წინადადებას, რომელიც უფრო იაფად მიაწვდის სახელმწიფოს ამ სერვისს.
ვინ მიიღებს მონაწილეობას
წინასწარი მონაცემებით, კონკურსში მონაწილეობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს ორი ბანკი – Liberty Bank-ი და „საქართველოს ბანკი“.
Liberty Bank – ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკია 3 მილიარდ ლარზე მეტი მთლიანი აქტივებით და 200 მილიონი ლარის მქონე კაპიტალით. ბანკს გააჩნია ყველაზე მსხვილი საფილიალო ქსელი, რომელიც 360 განყოფილებას და 570 ბანკომატს მოიცავს. ის არის საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტი პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების კუთხით. ბანკი 1,7 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება.
„საპენსიო სესხი“ გაიაფდება: პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს>>>
„საქართველოს ბანკი“ ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბანკია 21,8 მილიარდ ლარზე მეტი მთლიანი აქტივებით და 43,3 მილიონი ლარის მქონე კაპიტალით. ბანკის ფილიალების ქსელი 206-ზე მეტ განყოფილებას და 972 ბანკომატს ითვლის. „საქართველოს ბანკი“ 2,5 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება.
საქართველოში სოციალურ დახმარებასა და პენსიას 971,7 ათასი ადამიანი იღებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 26,6%-ია.
ყველა ახალი ამბავი
0