საქართველო კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისისთვის გადასცემს

© Sputnik / Alexander Imedashviliევროკავშირის და საქართველოს დროშები
ევროკავშირის და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2022
გამოწერა
კითხვარის მეორე ნაწილი შედგება 2,3 ათასი კითხვისგან და 33 თავისგან ტექნიკური, სექტორული და დარგობრივი მიმართულებებით.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საქართველომ დაასრულა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
საქართველომ კითხვარი 11 აპრილს მიიღო და იგი ერთი თვის განმავლობაში უნდა შეევსო. კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა გასულ კვირაში დასრულდა და ეს დოკუმენტი საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს უკვე გადაეცა.

„საქართველომ დაასრულა მუშაობა კითხვარის მეორე ნაწილზეც. აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას და ვგეგმავთ, რომ ქართული მხარე 10 მაისისთვის ევროკომისიას გადასცემს კითხვარის ბოლო ნაწილს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა ბრიფინგზე.

კითხვარის მეორე ნაწილი უფრო მეტად ტექნიკურ-სექტორული ხასიათის იყო, რომლის მომზადებასაც საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა უწყებას, ვინც იღებდა მონაწილეობას ამ მნიშვნელოვან პროცესში.
„როგორ თქვენთვის ცნობილია, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ პროცესში მაკოორდინირებელი ფუნქცია შეასრულა, რამდენიმე დღეში ჩვენ დავასრულებთ ტექნიკურ ნაწილს – დოკუმენტის დამუშავებას და მას ევროკომისიას გადავცემთ“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
საქართველომ ევროკავშირს კითხვარის შევსებული პირველი ნაწილი გადასცა>>>
კითხვარის მეორე ნაწილი შედგება 2,3 ათასი კითხვისგან და 33 თავისგან ტექნიკური, სექტორული და დარგობრივი მიმართულებებით. კითხვარის პირველი ნაწილი 369 კითხვას მოიცავდა.
შევსებული კითხვარის გადაცემის შემდეგ ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.
ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი მანამდე უკრაინამ შეიტანა. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღით) უფლება მოიპოვეს.
ყველა ახალი ამბავი
0