ომბუდსმენი მზადაა სააკაშვილის საქმეზე იუსტიციის მინისტრს შეხვდეს

© press-service of the Ombudsmanსაქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2022
გამოწერა
სამინისტრო ხელოვნურად აჭიანურებს შეხვედრას, სააკაშვილის მდგომარეობა კი უარესდება, განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ექსპერტების ჯგუფი მზად არიან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან განიხილონ, აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.
ამას წინათ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სიცრუე და დეზინფორმაცია უწოდა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ იღებს სათანადო სამედიცინო მომსახურებას პენიტენციურ დაწესებულებაში. მან ასევე დასვა კითხვა, რის საფუძველზე მოითხოვს სახალხო დამცველი სააკაშვილის მკურნალობას პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთ.

„ვინაიდან იუსტიციის მინისტრის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხები მოითხოვს კვალიფიციურ მსჯელობას და სპეციალურ სამედიცინო ცოდნას, სახალხო დამცველი და სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მზად ვართ სამუშაო ფორმატში შევხვდეთ იუსტიციის სამინისტროს/პენიტენციური სამსახურის კომპეტენტურ სამედიცინო წარმომადგენლებს, სახელმწიფო კონსილიუმს, ექიმ-სპეციალისტებს და აღნიშნულთან დაკავშირებით გავმართოთ ექსპერტული მსჯელობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ სამინისტრო ხელოვნურად აჭიანურებს შეხვედრას, სააკაშვილის მდგომარეობა კი უარესდება.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შედეგად, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე გამოაცხადა. თავად სააკაშვილი, მისი ნათესავები, ადვოკატები და „ნაციონალური მოძრაობა“ მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ.
ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას არ მკურნალობენ სათანადოდ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.
2 მაისს, საღამოს ამოიწურა ულტიმატუმის ვადა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ხელისუფლებას წაუყენეს. ოჯახი გეგმავს საპროტესტო აქციებს, მათ შორის, მსხვილმასშტაბიან მანიფესტაციას.
ყველა ახალი ამბავი
0