კომპანია IDS Borjomi-ის თანამშრომლები ახალი კონტრაქტის პირობებს აპროტესტებენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბორჯომის პარკი
ბორჯომის პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2022
გამოწერა
აქციის მონაწილეები კომპანიის გენერალურ დირექტორთან ივანე მაჭავარიანთან შეხვედრას და დეტალების განხილვას მოითხოვენ.
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. კომპანია IDS Borjomi-ის თანამშრომლებმა ბორჯომში აქცია გამართეს და ახალი შრომითი კონტრაქტების პირობები გააპროტესტეს.
29 აპრილს კომპანიამ IDS Borjomi განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში მდებარე ორ ქარხანას დროებით ხურავს. 30 აპრილს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „სასიამოვნო სიახლე“ დააანონსა ისე, რომ კონკრეტული პირობები არ განუმარტავს.
როგორც ირკვევა, ახალი კონტრაქტის თანახმად, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება 140%-ის ნაცვლად 125%-ით მოხდება. ამასთან, კომპანიის გაჩერების პერიოდში თანამშრომლები ანაზღაურების 50%-ს აიღებენ, ნაცვლად აქამდე გათვალისწინებული 100%-ისა. გარდა ამისა, დამსაქმებელი ამიერიდან თანამშრომლებისთვის პრემიებს აღარ გასცემს.
თანამშრომლები მზად არიან ახალ კონტრაქტს ხელი მოაწერონ მხოლოდ იმ პირობით, თუ ქარხნის ამუშავებასთან ერთად ძველი პირობები დაბრუნდება. მათი თქმით, კონტრაქტის შეცვლილი პირობები ადაპტირებულია ახალ რეალობასთან და არ არის გარანტია იმისა, რომ ყველაფერი ძველებურად იქნება.
შეკრებილები კომპანიის გენერალურ დირექტორთან ივანე მაჭავარიანთან შეხვედრას და დეტალების განხილვას მოითხოვენ.

„ჩვენ ასევე მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრას. ეს პროცესი ჩვენ გვეხება, თუმცა სრულ გაუგებრობაში ვიმყოფებით. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას თანამშრომელთა შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ინფორმაციით, ისინი IDS Borjomi-ში დასაქმებული 400 ადამიანის ინტერესებს იცავენ.
2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმს „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.
საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში. ამჟამად IDS Borjomi International-ში შედიან: IDS Borjomi Georgia (საქართველო), IDS Group Ukraine (უკრაინა), IDS Borjomi Russia (რუსეთი), IDS Borjomi Azerbaijan (აზერბაიჯანი), IDS Borjomi Belarus (ბელარუსი) და IDS Borjomi Europe (ლიეტუვა).
კომპანია აწარმოებს ისეთ მინერალურ წყლებს, როგორიცაა „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ედელვაისი", „მორშინსკაია", „მირგოროდსკაია", „ტრუსკავეცკაია აკვა-ეკო“, „ტრუსკავეცკაია კრისტალნაია“, „წმინდა წყარო“ (Святой источник) და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0