მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პასუხი არ ჩანს: რომის პაპი პუტინთან შეხვედრას მარტიდან ითხოვს

© AP Photo / Andrew Medichini
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
გამოწერა
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა ჯერ კიდევ მარტში მოვითხოვე, მაგრამ რუსული მხარისგან პასუხი აქამდე არ მიმიღია, განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკმა იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში.
პონტიფიკოსს მიაჩნია, რომ პუტინს შეხვედრის გამართვა ჯერ არ სურს.
რომის პაპის თქმით, აღნიშნული მოთხოვნა მან უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ოცი დღის შემდეგ გამოთქვა და აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად მზად არის ჩავიდეს მოსკოვში.

„მე ომის დაწყებიდან ოცი დღის შემდეგ ვთხოვე კარდინალ პაროლინს, გადაეცა პუტინისთვის, რომ მზად ვარ მოსკოვში ჩასასვლელად. პასუხი ჯერ არ მიგვიღია და ამიტომ კვლავაც დაჟინებით მოვითხოვთ [შეხვედრას]. თუმცა ვშიშობ, რომ პუტინს არ შეუძლია და არ სურს ამ შეხვედრის პირდაპირ ახლა გამართვა“, — თქვა პაპმა.

ამასთან პონტიფიკოსმა აღნიშნა, რომ სანამ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას მოითხოვდა, რუსეთის ელჩს შეხვდა.
„მინდოდა მკაფიო ჟესტი გამეკეთებინა მთელი მსოფლიოსთვის და ამისთვის მივედი რუსეთის ელჩთან. განმარტება ვთხოვე და ვუთხარი, გთხოვთ, გაჩერდით-მეთქი“, — განაცხადა ფრანცისკმა.
რაც შეეხება უკრაინას, რომის პაპი ამბობს, რომ თავად კიევში ჯერ არ წავა, თუმცა იქ უკვე მეოთხედ გაგზავნა კარდინალები.

„ვგრძნობ, რომ ჯერ არ უნდა წავიდე [კიევში]. თავდაპირველად მოსკოვში უნდა ჩავიდე, ჯერ პუტინს უნდა შევხვდე. <...> მე ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია. პუტინი რომ კარს გააღებდეს...“ — თქვა პონტიფიკოსმა და დასძინა, რომ ომის შესაჩერებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე გაუქმდა რომის პაპისა და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის შეხვედრა, რომელიც ივნისში იერუსალიმში იყო დაგეგმილი. რომის პაპის თქმით, შეხვედრა პოლიტიკური მიზეზების გამო ჩაიშალა. ამასთან აღდგომის დღესასწაულის მილოცვისას მან რუსეთის პატრიარქი „ძმად“ მოიხსენია და მოუწოდა, ერთად გახდნენ „ჭეშმარიტი მშვიდობისმყოფელები“ უკრაინისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0