კონკურენციის სააგენტო: საზღვაო კოდექსში ცვლილებები სამართლიანი თამაშის წესებს უზრუნველყოფს

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2022
გამოწერა
საზღვაო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც შეიქმნა ბოლო პერიოდში, განაცხადა ბიზნეს-ომბუდსმენმა ოთარ დანელიამ.
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საზღვაო კოდექსში ინიცირებული ცვლილებები ბაზარზე მონოპოლიის დამყარებას შეუშლის ხელს და სექტორს უფრო კონკურენტულს გახდის, განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ.
2022 წლის 4 აპრილს საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. დეპუტატებმა კანონპროექტს მეორე მოსმენით დაუჭირეს მხარი.

„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის განვითარება უმნიშვნელოვანესია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის... საზღვაო კოდექსში ინიცირებული ცვლილებები ხელს შეუწყობს თავისუფალი, კონკურენტული პირობების დაცვას და სამართლიანი თამაშის წესების უზრუნველყოფას“, – განაცხადა ლექვინაძემ.

მისი თქმით, ცვლილებათა პროექტში მკაფიოდ არის გაწერილი როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის სამოქმედო არეალი, არ ხდება ფუნქციური გადაფარვა, რაც დარგის სწორ განვითარებას შეუწყობს ხელს.
როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, ცალკეულ სანავსადგურე ერთეულებს შორის ჯანსაღი ურთიერთობების ხელშესაწყობად აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ობიექტური, დაბალანსებული და გამჭვირვალე მიდგომის შენარჩუნება.
„მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით, საზღვაო ქვეყნების დიდ ნაწილში აღნიშნული ფუნქციის განმახორციელებელი არის სახელმწიფო და საჯარო ინფრასტრუქტურასა და ღიაობაზე პასუხისმგებელი არიან სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოები“, – განაცხადა ლექვინაძემ.
საზღვაო კოდექსში ცვლილებებს მხარს უჭერს ბიზნეს-ომბუდსმენი ოთარ დანელიაც, რომლის თქმით, დაგეგმილი ცვლილებები პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც შეიქმნა ბოლო პერიოდში.

„ძალზე მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი სამართლიანი პირობები ყველა ბიზნეს-ოპერატორისთვის, იქნება ეს უცხოური ბიზნეს-ოპერატორი და ინვესტორი თუ ადგილობრივი“, – განაცხადა დანელიამ.

ცვლილებების თანახმად, ნავსადგურში ერთზე მეტი სანავსადგურე ერთეულის არსებობის შემთხვევაში სანავსადგურე ერთეულები შესასვლელი არხის დარღმავებასა და მოვლა-პატრონობას ახორციელებენ მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით.
„დაბალანსებული პოზიცია, რომელიც შეჯერებულია მხარეებთან, ის სწორი გამოსავალია, რომელიც შეიძლება იყოს როგორც რეგულაციის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფორმა. იმ დროს, როდესაც ეს არის აუცილებელი, სახელმწიფომ ასე უნდა იმოქმედოს“, – განაცხადა ბიზნეს-ომბუდსმენმა.
ფოთის პორტის ოპერატორი საქართველოს საზღვაო კოდექსში შესწორებების წინააღმდეგია>>>
პორტის ღიაობის შენარჩუნების მიზნით კანონპროექტი ითვალისწინებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის უფლებამოსილების მინიჭებას საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.
კერძოდ, თუ სანავსადგურო ერთეულები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, განახორციელოს არხის დაღრმავების სამუშაოები და უზრუნველყოს არხის სიღრმეების შენარჩუნება, თუმცა ასეთ შემთხვევაში სააგენტო არ იქნება პასუხისმგებელი სანავსადგურე ერთეულების საკუთრებაში და მფლობელობაში არსებულ ინფრასტრუქტურაზე გაწეულ ნებისმიერ ხარჯზე.
„ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატი ახორციელებს ყოველდღიურ კომუნიკაციას ბიზნესთან. ჩვენ აქტიური თანამშრომლობა გვაქვს პრაქტიკულად ყველა სექტორთან“, – განაცხადა დანელიამ.

ამასთან, ფოთის პორტის მმართველი კომპანია APM Terminals Poti საქართველოს პარლამენტს სთხოვს, შეაჩეროს საზღვაო კოდექსში შესატანი შესწორებების განხილვა, რადგან ახალი პირობები კომპანიას წამგებიან მდგომარეობაში აყენებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კანონპროექტი მნიშვნელოვნად ზღუდავს APM Terminals-ის უნარს, მიიღოს შემოსავალი, რომელიც გარანტირებულია პრივატიზების ხელშეკრულებებით, მაგრამ ტოვებს მნიშვნელოვან ფინანსურ ვალდებულებებს.
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის გაცხადებული მიზანი – დააბალანსოს ბიზნეს-ოპერატორების ინტერესები, სინამდვილეში არ უზრუნველყოფს სამართლიან და თანასწორუფლებრივ დამოკიდებულებას APM Terminals-ის, როგორც ინვესტორის მიმართ.
ყველა ახალი ამბავი
0