ფოთის პორტის ოპერატორი საქართველოს საზღვაო კოდექსში შესწორებების წინააღმდეგია

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2022
გამოწერა
სავარაუდო ცვლილებები არსებითად შეცვლის ფოთის პორტის სამართლებრივ რეგულირებას ნაოსნობის უსაფრთხოების კუთხით, მიიჩნევენ კომპანიაში.
თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. ფოთის პორტის მმართველი კომპანია APM Terminals Poti საქართველოს პარლამენტს სთხოვს, შეაჩეროს საზღვაო კოდექსში შესატანი შესწორებების განხილვა, რადგან ახალი პირობები კომპანიას წამგებიან მდგომარეობაში აყენებს.
კომპანიის ინფორმაციით, 2022 წლის 4 აპრილს საქართველოს პარლამენტმა წინასწარი გამოცხადების გარეშე და დაჩქარებული წესით დაიწყო „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა.

„შემოთავაზებული ცვლილებები გავლენას მოახდენს კომპანიის ზოგიერთ უფლებაზე, კომპანიის მიმდინარე ვალდებულებების გათვალისწინების გარეშე. სწორედ ამიტომ APM Terminals Poti („ეიპიემ ტერმინალს ფოთი“) შეშფოთებას გამოთქვამს დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით და სთხოვს საქართველოს პარლამენტს, მხედველობაში მიიღოს დაინტერესებული მხარის ინტერესები, შეაჩეროს კანონპროექტის განხილვა და გაიხმოს კანონპროექტი“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კანონპროექტი მნიშვნელოვნად ზღუდავს APM Terminals-ის უნარს, მიიღოს შემოსავალი, რომელიც გარანტირებულია პრივატიზების ხელშეკრულებებით, მაგრამ ტოვებს მნიშვნელოვან ფინანსურ ვალდებულებებს.
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის გაცხადებული მიზანი – დააბალანსოს ბიზნეს-ოპერატორების ინტერესები, სინამდვილეში არ უზრუნველყოფს სამართლიან და თანასწორუფლებრივ დამოკიდებულებას APM Terminals-ის, როგორც ინვესტორის მიმართ.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ სავარაუდო ცვლილებები არსებითად შეცვლის ფოთის პორტის სამართლებრივ რეგულირებას ნაოსნობის უსაფრთხოების კუთხით, სერვისების მიწოდებას. ასევე ფოთის საზღვაო ნავსადგურის საზღვრების ფარგლებში არსებული ქონებისა და ინფრასტრუქტურის მართვაზე პასუხისმგებელი ნავსადგურის ერთადერთი ადმინისტრატორიდან ის გარდაიქმნება ფოთის საზღვაო ნავსადგურში მდებარე ერთ-ერთ სანავსადგურე ერთეულად.
„საქართველო - რეგიონული ჰაბი“ - ფოთში ახალი ნავსადგური გაიხსნა>>
როგორც კომპანიაში აცხადებენ, კანონპროექტი ეწინააღმდეგება და უგულებელყოფს პრივატიზაციის ხელშეკრულებით, ასევე საქართველოსა და ნიდერლანდს შორის დადებული ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სახელმწიფოს ვალდებულებებს.
კანონპროექტს შემოაქვს ახალი წესები შესასვლელ არხთან დაკავშირებით და მიზნად ისახავს დაადგინოს, თუ როგორ უნდა დაირიცხოს სანავსადგურე გადასახადი მომხმარებლებისთვის და როგორ უნდა გადანაწილდეს შესასვლელი არხის საპროექტო სიღრმის შენარჩუნებასთან დაკავშირებული ხარჯები სანავსადგურე ერთეულებს შორის.
APM Terminals-ის ინფორმაციით, კანონპროექტი ასევე ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ უფლებამოსილებას – სანავსადგურე ერთეულებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში შეინარჩუნოს ფოთის საზღვაო ნავსადგურის შესასვლელი არხის საპროექტო სიღრმე და აკრიფოს გადასახადები ისეთი ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინების გარეშე, როგორიცაა ტალღმჭრელი, რომელიც კომპანიის საკუთრებაშია და რომელიც აუცილებელი ინფრასტრუქტურაა შესასვლელი არხის შესანარჩუნებლად.
ფოთის პორტი საქართველოს უდიდესი პორტია და ის მთავარი ევროპული კარიბჭეა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საერთაშორისო ვაჭრობისთვის. მას აქვს იდეალური განლაგება, რომ გახდეს ცენტრალური აზიის სავაჭრო ცენტრი. APM Terminals-მა 2011 წლიდან მნიშვნელოვანი სახსრები ჩადო ფოთის პორტის მოძველებული ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის მოდერნიზაციაში და დღემდე განაგრძობს ინვესტირებას.
„მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის ინიციატორებმა უნდა გადახედონ გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის შესახებ, რათა საფრთხე არ შეუქმნან ქვეყნის საინვესტიციო გარემოს“, – განაცხადა APM Terminal Poti-ს გენერალურმა დირექტორმა კელდ მოსგაარდ კრისტენსენმა.
მისი თქმით, კომპანია მუშაობს ლოგისტიკური დერეფნის განვითარებაზე და რეალიზებაზე, რომელიც ცენტრალურ აზიას ფოთის საზღვაო ნავსადგურის მეშვეობით მსოფლიოსთან დააკავშირებს. ამასთან, ისწრაფვის, რომ გახდეს მთავარი კარიბჭე და მიაწოდოს მსოფლიო დონის სერვისები მომხმარებლებს, და წვლილი შეიტანოს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაში.
რამდენი ადამიანი დასაქმდება ფოთის ახალ ნავსადგურში>>
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული წესები არღვევს და ზღუდავს ინვესტორის უფლებებს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების, თავისუფალი მეწარმეობის უფლებებს, შეუსაბამოა კონკურენციის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან და სახელმწიფოს ვალდებულებასთან – ხელი შეუწყოს კონკურენციის განვითარებას.
გარდა ამისა, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ დაინტერესებულ მხარეებს არ მიეცათ საშუალება მიეღოთ მონაწილეობა პროექტის შემუშავების პროცესში. ასევე არ ჩატარებულა რეგულირების ზეგავლენის შეფასება და არც გარედან მოწვეული ექსპერტი ყოფილა ჩართული პროექტის შემუშავების პროცესში.
კომპანია აღნიშნავს, რომ ყოველთვის უზრუნველყოფდა და უზრუნველყოფს ფოთის საზღვაო ინფრასტრუქტურაზე წვდომას თავისუფალ და თანაბარ პირობებში; ამასთან, კომპანიის მენეჯმენტში მოსვლის შემდეგ, დროთა განმავლობაში ნავსადგურის დახურვის წლიური დღეები 120-დან 20-მდე შემცირდა, რაც მიუთითებს ნავსადგურის ინფრასტრუქტურაზე მუდმივ ზრუნვასა და განვითარებაზე, როგორც ეს პრივატიზების ხელშეკრულებებით იყო გათვალისწინებული.
ყველა ახალი ამბავი
0