პრემიერმა საქართველოს ეკონომიკის ზრდა დადებითად შეაფასა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2022
გამოწერა
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე.
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოში ადგილობრივი ექსპორტი, ტურიზმი და ფულადი გზავნილები იზრდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ თანახმად, 2022 წლის მარტში საქართველოს მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 10,6% შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალში საშუალო მაჩვენებელმა 14,4% შეადგინა.

„იანვარში ჩვენ გვქონდა 18%-იანი ზრდა, თებერვალში ეკონომიკის ზრდამ 14,6% შეადგინა, მარტში კი რეალური ზრდა იყო 10,6%, რამაც ჯამში 14,4% შეადგინა, რაც ძალიან სასიხარულოა... იზრდება როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ისე ტურიზმი, ფულადი გზავნილები. ასე რომ, მთლიანობაში ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს ამ მიმართულებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2022 წლის იანვარი–მარტში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 9,2%-ით გაიზარდა და 545,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
მშპ-ის ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ სფეროებში: ელექტრომომარაგება, გაზმომარაგება, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ხელოვნება, დასვენება და გართობა, სამთომომპოვებელი და გადამამუშავებელი მრეწველობა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
2021 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,6% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0